2-03-2022
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მე-6 კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებმა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისთვის განათლების როლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის, მათ შორის, სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გადამზადების პროცესში.
„ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს განსაზღვრული და ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა წარვმართოთ. საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. მნიშვნელოვანი იყო ნარჩენების მართვის კოდექსისა და მის ფარგლებში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება. ცირკულარულ ეკონომიკაზე წარმატებით გადასასვლელად ყველა ჩვენგანის აქტიური მონაწილეობაა საჭირო. აუცილებელია ხელისუფლების ყველა რგოლის, კანონმდებლების, ბიზნესის, საფინანსო და საგანმანათლებლო დარგების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. გარდა იმისა, რომ მდგრადი განვითარება დადებითად აისახება გარემოსა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა გარდაუვალი პროცესია. ამ პროცესის ხელშეწყობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თაოსნობით, შეიქმნა საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები შედიან. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ეს იქნება გარკვეული შერბილება რესურსების ზეწოლაზე. ამ მხრივ ახალი ინიციატივები და ახალი მიმართულებები ეკონომიკის პოტენციალს უფრო თვალნათელს გახდის.
კონფერენციაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ განხორციელებაში მხარდაჭერისთვის. პროგრამა, რომელსაც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ცნობიერების ამაღლებას და დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის რეკომენდაციების მიწოდებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული მე-6 კონფერენციაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეკომენდაციები გაიცა, თუ როგორ შეიძლება სასწავლო პროგრამებში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გათვალისწინება და ცირკულარული ეკონომიკის თაობაზე ცნობიერების ამაღლება.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-6 კონფერენციაზე პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ პრეზენტაცია ბუნების მკვლევართა კავშირის საერთაშორისო კონსულტანტმა დარიუს პრასეკმა გააკეთა.
შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩის მოადგილე ერიკ ილესი, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ზაზა მარუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი და და საქართველოს სახელმწიფო და 35 კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.