5-03-2022
დღეს სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა არის მძიმე მდგომარეობაში და მთელი თანამეგობრობა უყურებს გვერდიდან სამწუხაროდ, იმ ყველაფერს, რაც ხდება უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ თავად აღნიშნა, რომ უკრაინას უწევს მარტო ბრძოლა, რასაც აქვს თავისი მიზეზები და სამწუხაროა, ჩვენთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, რა ზომებსა და ნაბიჯებში გამოიხატება დღეს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინელების მიმართ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იქნება ურყევი და უცვლელი და ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ამაზე მეტის გაკეთება საქართველოს, ბუნებრივია, სამწუხაროდ, არ შეუძლია“.
„ჰუმანიტარულ ნაწილში ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რას ვაკეთებთ და ვთქვით ასევე, რომ ყველა შესაძლო მხარდაჭერაზე, დახმარებაზე ვართ მზად. ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარდაჭერას. დღემდე იყო არაერთი გადაწყვეტილება მისაღები, სადაც უნდა ყოფილიყო ჩართული საქართველო და ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია დაფიქსირებული. ეს იყო მაგალითად ევროსაბჭო, სადაც საქმე ეხებოდა ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას და აქ საქართველომ დააფიქსირა თავისი პრინციპული პოზიცია. ეს იყო გაერო-ს შესაბამისი რეზოლუცია, სადაც საქართველო იყო თანასპონსორი ამ რეზოლუციის ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რომელიც აქამდეც ჩამოვთვალე. ეუთო-ში იყო ასევე ანალოგიურად პრინციპული პოზიცია დასაფიქსირებელი და ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ. ყველგან, სადაც არის საჭირო უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაფიქსირებთ და რა თქმა უნდა, ასე გავაგრძელებთ მოქმედებას. ანუ პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან უკრაინის მიმართ იქნება ურყევი და უცვლელი და ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ამაზე მეტის გაკეთება საქართველოს, ბუნებრივია, სამწუხაროდ არ შეუძლია“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ომის არდაშვება უნდა ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი მიზანი.
„დღეს სამწუხაროდ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა – უკრაინა, ხალხი არის მძიმე მდგომარეობაში და მთელი თანამეგობრობა უყურებს გვერდიდან სამწუხაროდ, იმ ყველაფერს, რაც ხდება უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ თავად აღნიშნა, რომ უკრაინას უწევს მარტო ბრძოლა, რასაც აქვს თავისი მიზეზები და სამწუხაროა, ჩვენთვის. ძალიან ძნელია, რა თქმა უნდა, რომ ასეთ დროს მეტის გაკეთება არ შეგიძლია იმისთვის, რომ ომი არ დაუშვა, ომი აღკვეთო, მაგრამ საქართველოს აქვს თავისი შესაძლებლობების ფარგლები და ჩვენ ვმოქმედებთ ამ ფარგლების შესაბამისად. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ომის არდაშვება უნდა ყოფილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი მიზანი. მე მგონია, რომ ამის შანსი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე საომარ მოქმედებებს უკრაინაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეეხება პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად უზრუნველყოფილი უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.