11-05-2018
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში გამართული საჯარო სკოლების მოსწავლეთა შემეცნებით-გასართობ შეჯიბრში - „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ გამარჯვება გორის მე-11 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
ღონისძიება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების ფონდის და საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის (სსმო) ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები დაესწრნენ და გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცეს.
თამაშში გორის სხვადასხვა საჯარო სკოლის 210 მოსწავლე მონაწილეობდა. პარკის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ე.წ. „სადგურები“, სადაც ბავშვებს შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი და სხვა დაბრკოლებები უნდა გადაელახათ. კითხვები ევროპასთან და ევროკავშირთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენას ისახავდა მიზნად.
ერთ-ერთ ასეთ სადგურზე ახალგაზრდები ვიზის ლიბერალიზაციის გათვალისწინებით, ევროპის ტერიტორიაზე გამგზავრებისთვის საჭირო პროცედურებს გადიოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ გაინტერესებთ ევროპა და ევროკავშირი, რადგან ეს არის ჩვენი საერთო მომავალი. ეს არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ. საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ინსტიტუტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა ის, რომ ევროპარლამეტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები დღეს ჩვენთან იმყოფებიან“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„ახალგაზრდა ქართველები ეკუთვნიან ევროპულ ოჯახს. პოლიტიკოსების საქმეა საქართველოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში უზრუნველყონ ის, რომ როდესაც თქვენ გაიზრდებით არა მხოლოდ ევროპული ოჯახის, არამედ ევროკავშირის წევრები იყოთ. იმუშავეთ იმაზე, რომ შექმნათ თქვენი ქვეყნისგან ძლიერი, მყარი დემოკრატია და ჩვენ გვექნება საერთო მომავალი“, - მიმართა ღონისძიების მონაწილეებს ევროპარლამენტარმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ მიხეილ გალერმა.
„ეს არის ნიშანი იმისა, რომ ევროპა ეკუთვნის ახალგაზრდებს. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ თქვენ, ახალგაზრდები უფრო ახლოს მისულიყავით ვროკავშირთან. თქვენ გაქვთ ვიზის ლიბერალიზაცია და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გისურვებთ ნათელ მომავალს საერთო ევროპაში“, - აღნიშნა სიტყვით მიმართვისას ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰეიდი ჰაუტალამ.
„ჩვენ მიგვაქვს თქვენგან ბევრი დადებითი ემოცია და ენთუზიაზმი. მიხარია, რომ მონაწილობა მიიღეთ სახალისო თამაშში, რომელიც იყო დაკავშირებილი ევროპასთან და ევროკავშირთან“, - აღნიშნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კლერ მუდიმ.
მორიგი შემეცნებით-გასართობი შეჯიბრი - „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ უკვე რუსთავში გაიმართება.