8-03-2022
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველო კულტურის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ონლაინ გამოფენის ოფიციალური გახსნის დროს მონაწილეებს გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით მიმართეს.
„მოხარული ვარ მივესალმო მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო გამოფენის მონაწილეებს და სექტორის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებს. პირველ რიგში მინდა ჩემი ქვეყნის სახელით უკრაინის მიმართ გამოვხატო სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა. საქართველო უკრაინის გვერდითაა. ქართველი ხალხი ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ჩვენ ვმასპინძლობთ უკრაინელებს სასტუმროებსა და სახლებში.
ვფიქრობ ტურიზმს აქვს უდიდესი ძალა, ხალხის გაერთიანებისა და მშვიდობის მისაღწევად. მინდა ასევე მოგილოცოთ ქალთა საერთაშორისო დღე, ქალები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტურიზმის დარგში მთელ მსოფლიოში. მომდევნო 3 დღის განმავლობაში, ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორიდან წარმოადგენენ პრაქტიკულ მაგალითებს და მნიშვნელოვან შეხედულებებს ტურიზმის ინდუსტრიის ფიცრული და მდგრადი განვითარების მიმართულებით".-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა.
„მინდა გითხრათ, რომ საქართველომ ტურიზმის მიმართულებით ბევრ წარმატებებს მიაღწია. ტურისტული ნაკადების ზრდა კარგი მაგალითია დავინახოთ, თუ როგორ შეუძლია პატარა ქვეყანამ განავითაროს ტურიზმის დარგი. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ITB Berlin-ის კულტურული პარტნიორია და ვფიქრობ დღეს არის ხელსაყრელი დრო ვთქვათ, რომ ჩვენი ერები, ხალხი ერთიანია და დრო არის მშვიდობის, ინოვაციებისა და განვითარების. დარწმუნებული ვარ წლევანდელი გამოფენა წარმატებული იქნება ".- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს ტურიზმის აღდგენის შესახებ ისაუბრა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ.
„კოვიდურ პერიოდში საქართველომ სწრაფად შეძლო როგორც ავიაცის ასევე ტურისტური ინსდუსტრიის აღდგენა და ჩვენ მივიღეთ ტურისტების დიდი რაოდენობა. დღეს არის ქალთა საერთაშორისო დღე და მინდა მოგილოცოთ ყველას და ამ რთულ დროს გისურვოთ მშვიდობა და ბედნიერება", - განაცხადა ლევან იზორიამ.
2022 წლის ITB Berlin-ის გამოფენაზე 60-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი და მსოფლიოში 17 მილიონ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელს აქვს წვდომა.
საქართველო 2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.