16-03-2022
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილ განაცხადებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით, დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ვითარების დეესკალაციისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. მარკ რუტემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.