18-03-2022
„ალტ-ინფო“-დან წამოსული რუსული პროპაგანდა, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული დაფარული რუსული რიტორიკა ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა, ვფიქრობ, ჩემი თანაგუნდელები დავარწმუნო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზეც ვიმსჯელოთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პირადად მისთვის „ალტინფო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი მედლის ორი მხარეა. “ჩემთვის პირადად „ალტინფო“ და „ნაცმოძრაობა“ ერთი მედლის ორი მხარეა.
„ალტინფოზე“ ის მაინც ვიცით, რომ ღიად გამოკვეთილი პრორუსული ძალაა, „ნაცმოძრაობა“ ჩემი ღრმა რწმენით, არის ფარული ჰიბრიდული ომის მწარმოებელი რუსული ძალა. თუ კანონებს დაარღვევენ, დასახურია. დეზინფორმაციის კუთხით, ეგრე რომ მივყვეთ შეიძლება დასახური იყოს ბევრი მედიასაშუალება, მაგრამ ხომ არ ვხურავთ, არც ვეხებით, ერთი სიტყვა რომ უთხრა, გეუბნებიან, რომ ზეწოლას ახდენ. ჩემი აზრით, ღია რუსული პროპაგანდა „ალტ-ინფო“-ს მხრიდან და ფარული რუსული პროპაგანდა „ნაცმოძრაობის“ სახით თქვენი ტელევიზიის მხრიდან, ერთიორად საშიშია ერთმანეთზე. „ალტ-ინფო“-დან წამოსული რუსული პროპაგანდა, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობიდან“ წამოსული დაფარული რუსული რიტორიკა ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა. ვფიქრობ, ჩემი თანაგუნდელები დავარწმუნო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ვიმსჯელოთ. თუკი არსებობს დეზინფორმაციის რისკი, არსებობს ყველა მხრიდან, ვინ იტყუება, აშკარად გამოკვეთილი რუსული ძალა, თუ დაფარული რუსული ძალა, ამას ჩემთვის პირადად მნიშვნელობა არ აქვს და შეიძლება რაღაც მომენტში ფარული რუსული ძალები უფრო იყვნენ საშიში, ჰიბრიდული ომის ავტორებად რომ გვევლინებიან, ვიდრე რომ ვერ ბედავს პროპაგანდას, რაზეც თქვენ საუბრობთ და ვითომ გაბედულ ბიჭებად რომ მოაქვთ თავი, „ალტ-ინფოს“ ვგულისხმობ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.