18-03-2022
ექსპერტი გია გაბრიჭიძე გერმანიის კანცლერის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, „მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ - ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის ამაზე პასუხისმგებელი“. გაბრიჭიძე იხსენებს ოპოზიციის განცხადებებს ირაკლი კობახიძის მისამართით, რომელმაც დაგმო დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ.
„არსებობს ადამიანური ფასეულობები, რომლებიც ყველას გენეტიკაში აქვს გამჯდარი, მაგრამ არსებობს ყალბი, ფსევდო-ფასეულობები, რომლებსაც ლიბერალ-პატრიოტულ ტყავში გახვეული ნაძირლები მკერდში მჯიღის კვრით გაჰკივიან. იმ რადიკალებს, რომლებმაც ირაკლი კობახიძე დისკრიმინაციული კამპანიის დაგმობისთვის ლამის იყო ჯვარზე გააკრეს, ვაჟა-ფშაველა რომ შევახსენო აზრი არა აქვს. არც იმის შეხსენებას არა აქვს აზრი, თუ როგორ მისცა სოსოიას მამიდამ გერმანელ ტყვეს ბოლო მწიკვი ფქვილისგან გამომცხვარი მჭადი (ნოდარ დუმბაძე. "მე ვხედავ მზეს"). აზრი არა აქვს იმიტომ კი არა, რომ მათ არც ვაჟა და არც ნოდარ დუმბაძე წაკითხული არა აქვთ, იმიტომ არა აქვს აზრი, რომ რომც ჰქონდეთ, თავიანთი გამორობოტებული ტვინის გამო მაინც ვერ გაიგებენ. უბრალოდ მინდა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის დღევანდელი განცხადების ამონარიდი მოვიყვანო. იმ გერმანიის კანცლერის, რომელმაც ყველაზე კარგად იცის თუ რას ნიშნავს ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია და იცის, თუ როგორ უნდა დადგე ამ საშინელებაზე მაღლა: - აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. იმიტომ რომ ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე. ნაცებს შეუძლიათ ამ სტატუსის გამო 37 მანეთად მოსკოვებში სიარული დამდონ ბრალად (კი ბატონო, ნამდვილად ვყოფილვარ), მაგრამ გერმანიის დღევანდელი კანცლერს ამას ნამდვილად ვერ მოედავებიან“- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.