გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები უქმდება

22-03-2022

მიმდინარე წლის 28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, 28 მარტიდან, პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.


უქმდება სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე.


დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.


ამასთანავე, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.


საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც „ფაიზერის" მიერ შექმნილ კოვიდის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. „პაქსლოვიდის" პირველი დოზები ქვეყანაში დღეს შემოვა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და რისკჯგუფების წარმომადგენლებს, ინფიცირების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად, მკურნალობის კურსისთვის საჭირო მედიკამენტის დოზა უფასოდ გადაეცემათ.


პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.