15-05-2018
საქართველოს პარლამენტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მომსახურებისა და რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა.
ამ შეხვედრაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების ნაწილში საუბრობს ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხზე, თუმცა ვთვლი, რომ საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია კოდექსი უფრო მკაფიოდ საუბრობდეს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და მუნიციპალიტეტების მიერ ამ პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება იყოს არა უბრალოდ სასურველი საკითხი, არამედ პრიორიტეტულიც. გამოვთქვამ მზადყოფნას, ვიმუშავოთ ამისთვის"- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიამ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს შესთავაზა, რომ სახელმწიფო და ადილობრივი ხელისუფლების ფორუმის მომდევნო შეხვედრაზე, ახალგაზრდული პოლიტიკა იყოს ერთ-ერთი სადისკუსიო საკითხი, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება იმსჯელებს უკვე საბოლოო შეთანხმებისთვის.