23-03-2022
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის STEM აკადემია ქიმიაში და ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.
აბიტურიენტებს და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანისაქართველოში, დოქტორი ჰალილ გუვენი,თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები და სტუდენტები შეხვდნენ.
აბიტურიენტები თსუ ქიმიის ლაბორატორიებს გაეცვნენ და სახალისო ქიმიურ ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.
ღია კარის დღეზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოლიდარობა და განაცხადა, რომ თსუ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოზიცია ღიად გამოხატა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამაც (EUA), რომლის წევრიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „შეხვედრაზე გამოვხატეთ ჩვენი თანაგრძნობა ჩვენი უკრაინელი კოლეგების, პროფესორების, სტუდენტების მიმართ; ვუამბეთ ახალგაზრდებს, თუ რას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად. იგეგმება, უფრო მეტის გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ უკრაინელი სტუდენტები, შეძლებისდაგვარად დავასაქმოთ პროფესორები,“-განაცხადა რექტორმა.
მისივე თქმით, სწორედ ევროპული ღირებულებები და ევროპული სტანდარტები უდევს საფუძვლად პირველ ქართულ უნივერსიტეტს.
გიორგი შარვაშიძის თქმით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა, რომელიც თსუ-ში ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს. „ახალგაზრდები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს, რაც ხელს შეუწყობს მათ არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებას. ეს იქნება პირველი პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სერტიფიცირტებას გაივლის, რაც წინგადადგმული ნაბიჯია არამხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“,-განაცხადა მან.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს ონლაინ მიესალმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე პროვოსტი, ქიმია-ბიოქიმიის საპატიო პროფესორი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი უილიამ ტონგი და ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა აძლევს ახალგაზრდებს.
აბიტურიენტებთან შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა თსუ სტუდენტების საერთაშორისო კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საერთაშორისო კომპანიებში დასაქმდებიან. რაც უაღრესად ხელსაყრელია დღევანდელ ვითარებაში, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიები და კვალიფიციური ცოდნა ფარმაციაში,“- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორის ნოდარ სურგულაძის თქმით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში საქართველოს განათლებაში 40 მილიონ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განახორციელა. ფონდის პირველი მიზანი, ქართულ უნივერსიტეტებში ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იყო. „თსუ კურსდამთავრებულები მიიღებენ იმ ტიპის განათლებას, რომელსაც სტუდენტები სან-დიეგოს უნივერსიტეტში, კალიფორნიაში იღებენ. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დასაქმდნენ თავიანთი სპეციალობის შესაბამისად და კონკურენტუნარიანი იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ,“- განაცხადა ნოდარ სურგულაძემ.
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისრამაზ ხომერიკის თქმით, „ინფრასტრუქტურა, რომელიც მოაწყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩვენს ფაკულტეტზე, არის ფასდაუდებელი საჩუქარი. ასევე, მეორე კორპუსში არსებული ქიმიის სხვა სასწავლო აუდიტორიებისა და ლაბორატორიების რემონტი უკვე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ სტუდენტებს,როგორც სან დიეგოს ლაბორატორიები, ისე თსუ-ს სხვა ლაბორატორიებიც მოემსახურება. ასე რომ აბიტურიენტებს ყველანაირი საფუძველი და მოტივაციააქვთ რომ თსუ ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე გააკეთონ არჩევანი,“- განაცხადა რამაზ ხომერიკმა.
თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჯიბუტმა აბიტურიენტებს გააცნოის შესაძლებლობები, რომელსაც პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს, მან ისაუბრა სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ.
ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის 42-ე საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მებაღიშვილი თსუ-ს თანაკლასელებთან ერთად ესტუმრა და სახალისო ექსპერიმენტებში მიიღო მონაწილეობა: „მოხარული ვარ,რომ აქ ვარ. მოვუსმინე თითოეულ მომხსენებელს და დღეს კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, ჩავაბარო თსუ-ში და გავიღრმავო ცოდნა არამხოლოდ ქიმიაში, არამედ სხვა საგნებშიც.“
თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.
ღონისძიება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობისა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გაიმართა.