25-03-2022
„ფეიკზე“ დაფუძნებული პროპაგანდით ისინი ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული ხედვა და პოლიტიკა, რომელიც უკავშირდება იმ მძიმე ვითარებას, რაც უკრაინაში ომიდან გამომდინარე ჩვენს გარშემოა შექმნილი და ბუნებრივია, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, როგორი პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ იმ ძალებმა, რომლებსაც ერთადერთი ინტერესი აქვთ - სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის ჩართვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიის ეთერში გამოდიოდა ე.წ. სამხედრო ექსპერტი, რომელიც დეტალურად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ სოხუმსა და ცხინვალში შეჭრის თვალსაზრისით. ეს არის პოლიტიკური პარტიის კუთვნილი ტელევიზია, საიდანაც ომის დაწყებასთან დაკავშირებით ასეთი მესიჯი გვესმის. ჩვენ ყველაფერი ვიცით: არის კონკრეტული პროვოკაციები, პროპაგანდა, რაღაც პერიოდში მომწიფებული იყო ეს აზრიც კი, იქ ომი დამთავრდება რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ეს არის ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ ჩვენც იქნებ რაღაც შედეგს მივაღწიოთ სამხედრო თვალსაზრისით. „ფეიკზე“ დაფუძნებული პროპაგანდით ისინი ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.