25-03-2022
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი, სამეგრელოსა და გურიაში, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნო. ამერიკელ პროფესორს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ფაროსანას მართვის საკოორდინაციო ცენტრში მიაწოდეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გრეგ კრავჩუკი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან ერთად, მეთხილე ფერმერებსაც შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის შედეგებზე ინფორმაცია მათგან მოისმინა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგის ექსპერტების რეკომენდაციების და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, დღეისათვის, მავნებლის პოპულაცია კონტროლირებადია; მიღებული შედეგის და თხილის კარგი მოსავლის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებებში ფერმერების ჩართულობა და, აგროსამუშაოების ჩატარებასთან ერთად, თხილის შრობის და შენახვის წესების დაცვა, რაც რეგიონში არსებულ თანამედროვე სტანდარტების საშრობ საწარმოებშია შესაძლებელი.
გრეგ კრავჩუკმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ანასეულში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორია დაათვალიერა, სადაც მავნებლებზე სამეცნიერო კვლევები აქტიურად მიმდინაროებს.
„დიდი ცვლილებაა იმ ვითარებას შორის, რაც 2019 წელს და მანამდე პერიოდში იყო და რაც არის ახლა. მნიშვნელოვნად შეიცვალა ადგილობრივი ფერმერების და იმ ადამიანების დამოკიდებულება და ცოდნა, რომლებიც მავნებელთან ბრძოლის პროგრამაში არიან ჩართულნი. მათ დანერგეს ტექნოლოგიები, ინსტრუმენტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში და დღეს უკვე საქართველოში გამოიყენება. ის რაც გაკეთდა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი; შთაბეჭდილების ქვეშ ვარ პერსონალით და აქ არსებული აღჭურვილობით, შენობა-ნაგებობებით, საკარანტინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობით. ეს ყველაფერი არის ვითრების მკვეთრად გაუმჯობესება", -განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.
გრეგ კრავჩუკი საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის G-HIP პროექტის მხარდაჭერით იმყოფება.