25-03-2022
,,პრეზიდენტს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და ასევე, არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი. ჩვენ მხარი დავუჭირეთ, ერთი მხრივ, პრეზიდენტს და, მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრს. ჩვენ რომ ვიცოდით, რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ მხარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,POSTV’’-ის ეთერში.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადგან პრეზიდენტის როლი, საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური, ამიტომ დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილს.
,,ჩვენ რომ გვდომოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის პოზიციაზე, რომელიც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე. მაგრამ, რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული. ეს არის არსებითად სიმბოლური როლი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული ერთმანეთისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციური სისტემა ირღვევა. პრეზიდენტის სიმბოლურად არის გარანტი კონსტიტუციის დაცვის და როდესაც ის თავად არღვევს კონსტიტუციას, ეს თავისთავად არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი მოვლენა კონსტიტუციური წესრიგისთვის’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.