29-03-2022
საქართველოში პირველი უკრაინელი დიპლომატის, პირველი კონსულის, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოს დამაარსებლის (1919-1921 წწ.), ივან კრასკოვსკის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის „ივან კრასკოვსკი ბელორუსის და უკრაინის სამსახურში“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღონისძებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი კულტურის საკითხებში ტეტიანა კოლოტილოვა, პოლონელი, უკრაინელი, ლიეტუველი და ქართველი პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ივან კრასკოვსკი 1919 წელს სათავეში ჩაუდგა უკრაინის საგანგებო დიპლომატიურ მისიას კავკასიაში. ის საქართველოში ორი წლის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ-სამეურნეო და საკონსულო ურთიერთობებს. ასევე მოღვაწეობდა პოლონეთში, ბელორუსსა და ლიტვაში. საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ქვეყნების დაპყრობის შემდეგ, კრასკოვსკის მუდმივად დევნიდა საბჭოთა ხელისუფლება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი წიგნი მის საგანმანათლებლო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ საქმიანობას ეძღვნება.
უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს - რუსეთის აგრესიას, ღონისძიების მონაწილეებითსუ კაპელას მიერ შესრულებული უკრაინის ჰიმნის მოსმენით გამოეხმაურნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.
„ივან კრასკოვსი ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის ადამიანი იყო. ის აერთიანებდა ერებს- მუშაობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში, საქართველოში, ბელორუსში, ლიტვასა და პოლონეთში. იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნის „ივან კრასკოვსკი ბელორუსის და უკრაინის სამსახურში“ ქართული თარგმანის მომზადებას დაიწყებს.
„პოლონეთში დაბადებულმა ივან კრასკოვსკიმ მთელი ცხოვრება დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გაატარა,“ - აღნიშნა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა.
„ივან კრასკოვსი იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რაც დღესაც, ამ ისტორიულ მომენტშიც აქტუალურია. კრასკოვსკი საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ნოე ჟორდანიას ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა. მან ძალიან ბევრი საინტერესო წერილი, დოკუმენტი და მემუარი დაგვიტოვა,“- განაცხადა მარიუშ მაშკევიჩმა.
„ჩვენ, თავისუფალი ქვეყნები და თავისუფალი ხალხი, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, კვლავ რუსეთის პირისპირ ვდგავართ. ივან კრასკოვსკი - პოლონეთის, უკრაინის, ლიტვისა და ბელორუსის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ემსახურებოდა ქვეყანას, სახელმწიფოს და არა რეჟიმს. ესაა ის, რაც მისგან უნდა ვისწავლოთ. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავისუფლებას. რუსეთის მოქმედებები დღესაც საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს, თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და ვირწმუნოთ ჩვენი მთავარი ღირებულება - თავისუფლება,“- განაცხადა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ.
საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივნის კულტურის საკითხებში ტეტიანა კოლოტილოვას თქმით, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. „ამ სანიმუშო პიროვნებას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის საკითხებში. თსუ-სთან ერთად, ივან კრასკოვსკის აქტიურად შეისწავლის უკრაინის დიასპორაც. იმედი გვაქვს,რომ სულ მალე, როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ გამოვცემთ ამ წიგნს უკრაინულ ენაზეც და წიგნის პრეზენტაციას კიევის უნივერსიტეტში ჩავატარებთ,“-აღნიშნა ტეტიანა კოლოტილოვამ.
ივან კრასკოვსკის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი კოპერნიკის სახელობის ტორუნის უნივერსიტეტის პროფესორმა დოროტა მიხალუკმა წარადგინა. პრეზენტაციაზე მოხსენებები წაიკითხეს კაუნასის (ლიტვა) უნივერსიტეტის პროფესორმა ტომაშ ბლაშჩაკმა (ივანე კრასკოვსკის ლიეტუვური და ლატვიური პერიოდი), ტორუნის (პოლონეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა მაცეი კროტოფილმა (ქართველი ოფიცრები პოლონეთში 1924-1939 წწ.), ბიალოსტოკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ოლეგ ლატიშონეკმა (ივან კრასკოვსკი - უკრაინელი გეოპოლოტიკოსი) და ეუგენიუშ მირონოვიჩმა (ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების პრობლემა). წიგნის ერთ-ერთი ავტორი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო პოლონეთში ლტოლვილობაში მყოფი, ირენა მატიაში ვარშავიდან ონლაინ ჩაერთო.
ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის სლავური ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ფილინა. უნივერსიტეტის მედალი მარიამ ფილინას თსუ-ში მრავალწლიანი და ნაყოფიერი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის, ინტერნაციონალიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა.
ღონისძიების დასასრულს, პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკევიჩმა თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად პოლონური მხატვრული ლიტერატურა და პოლონური ენის სახელმძღვანელოები გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორები პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თსუ სლავისტიკის ინსტიტუტი და თსუ პოლონისტიკის ცენტრი იყო.