30-03-2022
უკრაინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით მთავრობის ინიციატივითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის" ფარგლებში უკრაინაში მესამე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ქართული კომპანიების ძალისხმევითა და აქტიურობით, რომელიც კამპანიის დაწყების დღიდან არ შეწყვეტილა, ერთი თვის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში უკრაინაში 60 ტონა ტვირთის გაგზავნა გახდა შესაძლებელი.
„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოეუკრაინისთვის", რომლის ფარგლებში მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ უკრაინაში. კამპანიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ჯამში 60 ტონა ტვირთი გავაგზავნეთ და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად მატულობს ახალი კომპანიების რიცხვი, ვისაც სურვილი აქვს როგორც თავისი პროდუქციით, ასევე საკუთარი ფინანსური სახსრებით შეძენილი პროდუქციით დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ კომპანიას გამოჩენილი თანადგომისა და სოლიდარობისთვის", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ უზრუნველყო.
კამპანიაში „აწარმოე უკრაინისთვის" ამ ეტაპზე 61 ქართული კომპანიაა ჩართული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კამპანიის ფარგლებში დახმარება გაეწია საქართველოში მყოფ უკრაინელებსაც, რომელთაც სხვადასხვა პროდუქტი გადაეცათ.