31-03-2022
„დავისახეთ ამოცანები, რომლებზეც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად იმუშავებს - ეს უკავშირდება, დიდწილად, ჩვენი რეფორმის პროცესში კლიმატნეიტრალურობის თემის ასახვას და საქართველო უკვე განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის სტრატეგიის პროექტს, რომელიც, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს. ვფიქრობ, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს გეგმა იქნება სრულად ჰარმონიაში ევროპულ პრინციპებთან და მიდგომებთან" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ენერგოგაერთიანების მხრიდან შეხვედრაში ორგანიზაციის დირექტორი არტურ ლორკოვსკი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე და ენერგეტიკული გაერთიანების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ევროპის ენერგოგაერთიანებასთან საქართველოს აქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც, მათ შორის, ეხება ქართული ელექტროსისტემის ევროპასთან პირდაპირ დაკავშირებას, განახლებადი ენერგიის წარმოებაში მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას, ზოგადად, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლებას. მინისტრის შეფასებით, ეს არის პრიორიტეტები, რომელსაც იზიარებს ენერგეტიკული გაერთიანება და საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ამ მიმართულებით.
„ევროპის ენერგოგაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და ეს ჩვენი ევროპულ ინსტიტუციებში გაწევრიანების და ზოგადად, ევროპული ინტეგრაციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ენერგეტიკის სექტორი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ. ენერგოგაერთიანების ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის მიღწეულ პროგრესზე და იმ ვალდებულებებზე, სადაც ერთობლივი თანამშრომლობით შეგვიძლია მეტი პროგრესის მიღწევა" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
„ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა საქართველოში ენერგეტიკისა და კლიმატის სექტორების განვითარების მკაფიო ხედვა და ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო იყოს პარტნიორი ენერგეტიკული საზოგადოების მიერ განვითარებულ პროცესებში. ეს გეგმა ეფუძნება პრინციპებს, რომლებიც ზედმიწევნით შეესაბამება ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ეფუძნება გახსნილობას, კონკურენტულ ბაზარსა და დეკარბონიზაციას, ეს ის ელემენტებია, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან" - აღნიშნა არტურ ლორკოვსკიმ.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება. მისი ამოცანებია წევრ ქვეყნებში საინვესტიციო გარემოს შექმნა ბუნებრივი გაზის/ ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოსაზიდად და ენერგიის სტაბილური, უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, ენერგეტიკულ ქსელში ფართო ვაჭრობისთვის ერთიანი მარეგულირებელი სივრცის შექმნა და საბაზრო კონკურენციის უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში გავრცელება, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა ინვესტიციების ზრდით და ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების განვითარებით, გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა.
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2017 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა.