7-04-2022
შეხვედრაზე პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის - წყლის აღრიცხვის კუთხით საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა და გამოწვევები დეტალურად განიხილეს და საჭიროებების იდენტიფიცირებასა და იმ პრიორიტეტების გამოვლენაზე იმსჯელეს, რა მიმართულებებითაც პროექტის სამომავლო აქტივობები დაიგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წლებში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, საქართველომ წყლის რესურსები მართვის მიმართულებით მასშტაბური რეფორმების განხორციელება დაიწყო. პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი“ ფარგლებში, შემუშავდა კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა და საკომიტეტო განხილვები აქტიურად მიმდინარეობს.
რეგიონალური პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ შვიდ ქვეყანაში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) ხორციელდება და მიზნად ისახავს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ამ ქვეყნების მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობას ევროპის მწვანე შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად. პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას - წყლის რესურსების მდგრადი გამოყენების მხარდაჭერა და პარტნიორი ქვეყნების მიერ სანდო გარემოსდაცვითი სტატისტიკის გამოყენება, გაფართოება-გაუმჯობესებას მოიცავს.
პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 12,75 მილიონი ევროა, 2021-2024 წლებში განხორციელდება.
პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ განმახორციელებელი პარტნიორები არიან ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA), ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA), წყლის საერთაშორისო ოფისი (OiEau) (საფრანგეთი), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE).
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ წარმოადგენს ევროკავშირის ორი პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი“ (EUWI+) და „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის II ფაზის“ გაგრძელებას. ამ ორი პროგრამის მეშვეობით, წარმატებით განხორციელდა გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მონაცემთა ანალიზის სისტემების მოდერნიზება, პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის ევროკავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით წყლის ჩარჩო დირექტივასთან, შესაბამისობის გაზრდა.
სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პროგრამაში ჩართული მხარეების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.