8-04-2022
როგორ გაჩნდა ბერძნული ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, ვინ იყო პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს და საბერძნეთის პარლამენტარი გახდა; ვინ წამოაყენა ბათუმის პირველი მერის კანდიდატურა და როგორ გაამარჯვებინეს მას ერთობლივად ქართველებმა და ბერძნებმა - ეს და სხვა საინტერესო ამბებია თავმოყრილი წიგნში „მეტყველი მარმარილოები“, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში გაერთიანებულია ესეები XIX-XX საუკუნეების ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ისტორიიდან.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუსი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
„დღეს, როცა ქართული სახელმწიფო ცდილობს თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს ევროპულ ოჯახში და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, ასეთი მონოგრაფიები, ასეთი ღონისძიებები და ბერძნულ-ქართულ ურთიერთობათა არაერთი საკითხის გააქტიურება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რაც შეიძლება გაკეთდეს ისტორიულად ევროპული, ტოლერანტი, კულტურული ქვეყნის იმიჯის დასამკვიდრებლად,“-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.
საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია თეოდორუსმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ-ბერძნული ურთიერთობის საიუბილეო თარიღის აღნიშვნისთვის და განაცხადა, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებათა მთელი ციკლია დაგეგმილი.
„ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული საქართველოსა და საბერძნეთს ურთიერთობის უდიდესი ტრადიცია აქვს. სიმბოლურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობა აღდგა 30 წლის წინ და ჩვენი ინსტიტუტი ამ დღეს ძალიან საინტერესო წიგნის „მეტყველი მარმარილოების“ პრეზენტაციით აღნიშნავს,“ - განაცხადა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა ლევან გიგინეიშვილმა.
წიგნის ავტორების მედეა აბულაშვილისა და ეკა ჭყოიძის თქმით, ნაშრომი არ შეეხება ანტიკურ პერიოდს. მასში ჩანს, თუ რა ხდებოდა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში სხვა დროსა და სხვა ეპოქაში: „აღმოვაჩინეთ XIX-XX საუკუნეების წყაროები, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი, რომელიც ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ახალ მარკერებად შეიძლება იქცეს.“
ღონისძიებაზე თსუ პროფესორებმა, სტუდენტებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. „საქველმოქმედო ბაზრობას მოვაწყობთ, რომელზეც გავყიდით ჩვენი ინსტიტუტის სხვადასხვა გამოცემას, ხოლო შემოსულ თანხას გადავრიცხავთ უკრაინის მხარდაჭერის ფონდში. უკრაინასთან პროფესიული, ადამიანური, მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. განსაკუთრებით ახლოს ვართ მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებასთან. იქ გვყავს ძალიან ბევრი კოლეგა და მეგობარი. მარიუპოლში ასიათასამდე წარმოშობით ბერძენი ცხოვრობს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ღონისძიება დაგვეკავშირებინა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან,“- აღნიშნა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ირინე დარჩიამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელინისტიკის შესწავლას საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1918 წელს, სამხრეთ კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, ელინოლოგიის მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცნიერის გრიგოლ წერეთლისა და მისი უმცროსი კოლეგის, სიმონ ყაუხჩიშვილის ძალისხმევით კლასიკური ფილოლოგიის კათედრა შეიქმნა. 1997 წელს კი, რისმაგ გორდეზიანის მიერ, კათედრის ბაზაზე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი დაარსდა.