13-04-2022
კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, ამბროლაურისა და კახეთის რვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში ვენახების საკადასტრო ინფორმაციის განახლების სამუშაოებს რეგულარულად ახორციელებენ.
ვენახების კადასტრის პროგრამა კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 2021 წელს დასრულდა. ამ ეტაპზე, ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების, როგორებიცაა ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა, შესახებ ინფორმაციის განახლება მიმდინარეობს.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. შედეგად, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093 ნაკვეთის შესახებ. მოქმედი რეგულაციით, საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას. ვენახების კადასტრი იქმნება თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.) შეგროვებით.
2022 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება და უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.