13-04-2022
ანგარიშში არაფერია იმაზე მეტი ნათქვამი, რომ სააკაშვილს მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრად ოპოზიციური პარტიები (სხვათა შორის ზუსტად იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა). ამ ფაქტის შესახებ რომ ანგარიშში აუცილებლად იქნებოდა მითითებული, ეს გასაკვირი არავისთვის არ გახლავთ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა სახით იქნებოდა ამის შესახებ აღნიშნული - დაისმებოდა რაიმე კითხვის ნიშანი სააკაშვილის პატიმრობის განსახვავებულ მოტივაციაზე თუ სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოსაზრებაზე მითითებით.
"ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის სხვათა შორის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება გახლავთ მიმდინარე. ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, არ წამოეგო რადიკალური ოპოზიციის და პარტიულ მედიასაშუალებათა ამ უსუსურ ინსინუაციებს და არ მოტყუვდა ამ პრიმიტიული ფოკუსებით. ამას მოწმობს, მათ შორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაქციებიც" - განაცხადა სარჯველაძემ.