13-04-2022
ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ეხება, როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც.
"მაგალითად, კიდევ ერთხელ არის გამოთქმული მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის რეფორმის დაჩქარებული წესით მიღების მიზანშეუწონლობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს სწორი და ცალსახა დამოკიდებულება.
საკუთრივ ანგარიში საკმაოდ მოცულობითია. მასში უმნიშნელოვანესი ტენდენციებია გაშუქებული (მათ შორის აღნიშვნას იმსახურებს და მადლიერებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევები). შეჯამების სახით შესაძლებელია ითქვას, რომ მთლიანობაში ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
მასში ზედმიწევნით სწორად არის დანახული ის სფეროები და გამოწვევებიც, რომელთან მიმართებაშიც გვმართებს სამომავლოდ ყურადღების გამახვილება ჩვენი საქმიანობის დაგეგმვისა და სწორი აქცენტების გასაკეთებლად. ეს დოკუმენტი ჩვენთვის ძალიან კარგი წყაროა არა მხოლოდ ინფორმაციისთვის, არამედ იმის განსასაზღვრად, თუ რა მიმართულებებით უნდა განვავითაროთ ქვეყანა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით. ამავე დროს, ანგარიში ძალიან დაგვეხმარება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის შევსების უმნიშვნელოვანეს პროცესში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს!" - განაცხადა სარჯველაძემ.