13-04-2022
მიმდინარე წლის 17-20 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თბილისსა და რეგიონებში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ITB Berlin-ის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
„ITB Berlin სადებიუტო შეხვედრას საქართველოში გამართავს. პირველი B2B ქსელის ღონისძიება თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში გერმანული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული სექტორის, მათ შორის საქმიანი ტურიზმის წარმომადგნელებს შეხვდებიან“.
ვიზიტის ფარგლებში ITB Berlin-ის ხელმძღვანელებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების, ბუნების, კულტურული ტურიზმისა და ეკო-ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს და დააგემოვნონ ღვინო.
გამოფენის ვებ-გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილისა და ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორის, დევიდ რუცის ციტატებია მოყვანილი:
„ITB Berlin-თან ამჟამინდელი პარტნიორობით ჩვენ შევძელით და საქართველო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა. ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამ ღონისძიებას საქართველოში და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება სხვადასხვა გზით“.- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
„საქართველოსა და ჩვენს შორის ახლო პარტნიორობა უკვე ჩამოყალიბდა. ის ფაქტი, რომ საქართველო ჩვენს სადებიუტო ღონისძიებას „TRVLX“ მასპინძლობს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს თანამშრომლობას. მოუთმენლად ველოდებით ახალ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც გავმართავთ შეხვედრებს და დარწმუნებულები ვართ ჩვენი მოგზაურობა წარმატებული იქნება“.-ამბობს დევიდ რუცი, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი.
2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გერმანიაში მასპინძელი ქვეყანის სტატუსით წარსდგება. წელს კი საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ITB Berlin კულტურული მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.
https://www.facebook.com/ITBBerlin/photos/a.109240389990/10151529341529991/?type=3