გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ - ში ქართული ენის კვირეული გაიხსნა

13-04-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეული მხატვარ ლევან დავითანის ნამუშევრების გამოფენით ,,დასურათებული ფსალმუნი’’ გაიხსნა.

 

„1978 წლის 14 აპრილი იყო მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი საბჭოთა სივრცისთვის, რადგან სწორედ ამ დღიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის რეალური რღვევა, როდესაც გაერთიანდა ქართველი ერი და დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ გამარჯვება შესაძლებელია“-აღნიშნა კვირეულის გახსნაზე თსუ რექტორმაგიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში ასე აღინიშნება ქართული ენის კვირეული, რადგან 1978 წელს დემონსტრაცია მთავრობის სასახლისკენ სწორედ უნივერსიტეტიდან დაიწყო.

 

მხატვარ ლევან დავითიანის მიერ შესრულებული „დასურათებული ფსალმუნი“ რვეულებადაა დაშლილი და გამოფენაზე გაშლილ მდგომარეობაშია წარმოდგენილი. გამოფენის შემდგომ ავტორი ნამუშევრებს დასრულებულ სახეს მისცემს და წიგნად აქცევს. ფსალმუნზე მუშაობა მხატვარმა 2011 წელს დაიწყო და 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მასზე. ხელნაწერის დასურათება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და მაღალმხატვრული გადაწყვეტით. შესრულებისას გამოყენებულია ბუნებრივი საღებავები და ოქრო.თსუ I კორპუსის ფოიეში გამოფენილი ნამუშევრების  დათვალიერება მნახველებს ორი დღის განმავლობაში შეუძლიათ.

 

თსუ ბიბლიოთეკამ ლევან დავითიანის ნამუშევრებთან ერთად გამოფენაზე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული სხვადასხვა წლებში გამოცემული ფსალმუნები წარმოადგინა, რომელთაგან ერთ-ერთი 1709 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაშია დაბეჭდილი. „აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემის მხოლოდ სამი ეგზემპლარია შემორჩენილი. ერთი დაცულია პარიზში, მეორე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მესამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და მას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,“-განაცხადა თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა.


ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ის სტუდენტები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარებულ სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაში „იმპერიიდან ოკუპაციამდე“ მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის სამუშაო თემებს წარმოადგენდა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინტელექტუალური, სოციალური და კულტურული ისტორია (1880-1921 წწ); რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური ისტორია (1881-1921 წწ).