13-04-2022
„უკრაინაში ვიზიტი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დელეგაციასთან ერთად, სადაც განსხვავებით სხვა დელეგაციებისგან, სადაც თანაფარდობა უფრო სხვაა, ოპოზიციას შევთავაზე თანაბარი თანაფარდობა - სამ უმრავლესობის მხრიდან, სამი - ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შეთავაზებას ჯერჯერობით არ იზიარებენ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კვირაში განხორციელდება.
„უკვე გვაქვს შეთანხმება უკრაინის რადას თავმჯდომარესთან. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებშიც, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხოლმე. სწორედ ამ შემთხვევაშიც, შევთავაზე ოპოზიციას, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება საქართველოს პარლამენტის ბევრ წევრს სურს. დელეგაციასთან დაკავშირებით, შეთავაზება გვქონდა რომ ისევე, როგორც სხვა დროს ხდება, წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდანაც წარმოდგენილები. სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი-ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მთავარია, რომ ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდაპოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, ჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
ჩვენ იქ მივემგზავრებით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ადამიანებს სოლიდარობა, გავიზიაროთ მათი წუხილი და ეს არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული შიდაპოლიტიკურ სიჭრელესთან თუ მრავალფეროვნებასთან. სწორედ ეს გახლავთ ამ ვიზიტის მიზანი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.