გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ნადარეიშვილი: მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორების კოორდინაცია იმისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული კრიზისის შედეგები მინიმუმამდე იყოს შემცირებული

14-04-2022

„უკრაინაში მიმდინარე ომი, რა თქმა უნდა, განაპირობებს ეკონომიკურ გამოწვევებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ფართო რეგიონში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და ასევე დონორებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხედვებისა და გამოწვევების, აგრეთვე შესაძლებლობების შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას იმისთვის, რომ მოსალოდნელი და მიმდინარე კრიზისის შედეგები იყოს მინიმუმამდე შემცირებული" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე" განაცხადა.


მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით „ეკონომიკური უსაფრთხოება შეცვლილ რეგიონში: ზეგავლენა, რისკები, შესაძლებლობები, ინსტიტუციური პასუხები," სადაც ვრცლად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის არსებულ და მოსალოდნელ ეკონომიკურ შედეგებზე.


ირაკლი ნადარეიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინისთვის და ამ ომს აქვს გაცილებით დიდი მასშტაბები. პანელზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გამოყო საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე კონკრეტული დარგი, რომლებსაც განსაკუთრებულად შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული პრობლემები.

„ზოგადად, კრიზისის მართვაში გვაქვს კარგი გამოცდილება, მაგალითად, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის პერიოდში, სადაც ეს კოორდინაცია იყო საკმაოდ ეფექტური და ამან განაპირობა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენის ტემპი, რომელიც 2021 წელს ვიხილეთ და დღემდე ეს პროცესი გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით" - აღნიშნა ნადარეიშვილმა.


მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენას საქართველოს საინვესტიციო გარემოზე. მისი თქმით, მთელი რიგი საერთაშორისო კომპანიები ტოვებენ როგორც რუსეთის, ასევე ბელარუსის ბაზარს, რაც ნამდვილად წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოში ახალი კომპანიების, ახალი ბიზნესების, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.


„გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, რომელიც შევიმუშავეთ, მათ შორის, ჩვენი დონორების ჩართულობით და ყველა საერთაშორისო რესურსი, რომელიც გაგვაჩნია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, რეორიენტირებულია ამ ნიშაზე. ჩვენი პარტნიორები მუშაობენ ჩვენთან ერთად, გვაქვს კონკრეტული კომპანიების სია, რომლებსაც ვემუშავებით უშუალოდ სხვადასხვა არხებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, ასევე პირდაპირი რესურსით - ეს არის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" საინვესტიციო დეპარტამენტი, იდენტიფიცირებულია ის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, მათ შორის, საქართველოში რელოკაციით, მათი წარმომადგენლობის გაფართოებით, იცით, რომ არის ასევე რამდენიმე გლობალური ბრენდის გადაწყვეტილება, მათ შორის, „ვაიბერი" შემოვიდა რამდენიმე კვირის უკან, ესეც ძალიან კარგი მესიჯია საკომუნიკაციოდ, რომ დიდი კომპანიები საქართველოს ირჩევენ როგორც მათი ბიზნესის რელოკაციის განვითარების ეფექტურ ადგილს" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.