გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოთარ შამუგია: 10 წლის წინ, ჩვენ არცერთი ონლაინ მონიტორინგის სადგური არ გვქონდა, დღეს უკვე 10 ასეთი სადგური მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით და წელს კიდევ 9 სადგური დაემატება

14-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, 2015 წლის შემდგომ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისთვის.


როგორც მან „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტვით გამოსვლისას აღნიშნა, ჩამოყალიბდა ევროპულ დირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო.


„განვითარდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი; 10 წლის წინ ჩვენ არცერთი ონლაინ მონიტორინგის სადგური არ გვქონდა, დღეს უკვე 10 ასეთი სადგური მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით და წელს კიდევ 9 სადგური დაემატება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საჯარო გავხადეთ ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები და მისი ნახვა ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში სპეციალურ პორტალზე შეუძლია. ჩვენი მიზანია, 2024 წლისთვის გვქონდეს სრულად ევროპული სტანდარტების მონიტორინგის სისტემები,“- განაცხადა შამუგიამ.


ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება სურსათის უვნებლობის ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით.


მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება ბიზნესოპერატორთა ცნობიერებაც. მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს, როგორც ცხოველთა დაავადებების, აგრეთვე მცენარეთა მავნებლების გავრცელების თავიდან აცილებას.


„სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების (თურქული, ჯილეხი, ცოფი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, მსხვილფეხა პირუტყვის ნოდულარული დერმატიტი და ა.შ) საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას. აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) დადებითად შეაფასა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პროგრესი.


სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მინიმუმამდე შემცირებისა და მოსავლის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების რიცხოვნობის კონტროლი, პრევენცია, ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, გლობალური დათბობის ფონზე შეინიშნება საკარანტინო მავნებლების პოპულაციების მკვეთრი მატება. პრობლემის დასაძლევად ყოველწლიურად ხორციელდება მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებიც ეხმარება ფერმერებს მოსავლის შენარჩუნებაში. ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფერმერებმა მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს, რამაც განაპირობა თხილის ექსპორტის ზრდა. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (24 ათასი ტონა), ექსპორტირებული თხილის უდიდესი ნაწილი გადის (69%) ევროკავშირის ბაზრებზე, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა იტალია, გერმანია, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი და სხვა”,-აღნიშნა ოთარ შამუგიამ.