15-04-2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 11 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ისრაელის მოქალაქემ შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული მიზნით იგი დაუკავშირდა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებთან ერთად ქ.თბილისში მოაწყო ე.წ. ,,ქოლცენტრი". აღნიშნულმა პირებმა, ჯგუფის საქმიანობაში ეტაპობრივად, უცხო ენების მცოდნე პირები ჩართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით,დადგინდა რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით, სისტემატიურად უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას.
შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ათეულობით მოქალაქის კუთვნილ, დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ჯამში 700 300 ევროს და 4 800 აშშ დოლარს.
ასევე, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა და წევრების ნაწილმა, მოახდინეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია - შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც გამოძიების მიერ დაყადაღებულია. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულია და ყადაღა დაედო საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებსაც.
პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულის ორგანიზატორს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა 380 000 ლარად ღირებული 3 ავტომანქანა, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ანგარიშებზე არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები 467 341 ევრო, 123 854 ლარი.
ასევე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში დანაშაულებრივი ჯგუფის 10 წევრი, მათვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ 549 062 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება: 3 საცხოვრებელი ბინა, 2 მიწის ნაკვეთი და 2 ავტომანქანა.ასევე, დაეკისრათ ჯარიმა 510 000 ლარის ოდენობით.
პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ გერმანიის, ავსტრიის, ჩინეთის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის 30 მოქალაქეს სრულად აუნაზღაურდებათ , დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანი.
აღსანიშნავია,რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე ჩამოერთვათ 2 625 263 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება და ფულადი თანხები.