გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კაირატ აბდრახმანოვს უმასპინძლა

15-04-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კაირატ აბდრახმანოვს უმასპინძლა, რომელსაც სამინისტროს მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.

 

მინისტრმა სტუმარს საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაარსების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც საქართველოსპრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში დაფუძნდა.  


მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტროს გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად, უპრეცედენტოდ მცირე დროში, ზუსტად 2 კვირაში შეძლო უკრაინულენოვანი სექტორის დაარსება, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.


უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა,  უკრაინელი მოსწავლეები ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო"  შეისწავლიან.


აღსანიშნავია, რომ უკრაინულენოვანი სექტორისთვის კვალიფიციური პედაგოგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით შეარჩია. მათ ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.


კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის მიხედვით უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 600-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას.


ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან საუბრისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის მაქსიმალური ხელშეწყობა და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე მათწინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა წარმოადგენს.


მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სრულფასოვნად დაუფლების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მათ ქართული ენის შესწავლა ჯერ კიდევ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაიწყონ. ამ მიმართულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და სკოლებში ბილინგვური განათლების დანერგვა დაიწყო და შესაბამის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მიზანია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ინტეგრაციაში დაეხმარება. პროგრამა საპილოტე ეტაპზეა და ამ დროისათვის რამდენიმე ათეულ სკოლამდელ დაწესებულებასა და სკოლაში ხორციელდება.

 

ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე დეტალურად განიხილა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (1+4). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტებს სახელმწიფო სთავაზობს სპეციალურად შემუშავებულ საშეღავათო პოლიტიკას, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, გამარტივებული გზით მოიპოვონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება. კერძოდ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასურველ უნივერსიტეტში სწავლა მხოლოდ უნარების გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების საფუძველზე შეუძლიათ.

 

მნიშვნელოვანია, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა სტუდენტებისთვის, გამარტივებული ჩარიცხვის წესთან ერთად, დაფინანსებასაც გულისხმობს. ყოველწლიურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ 200-ზე მეტ სტუდენტს, მშობლიურ ენაზე გამოცდის წარმატებით  ჩაბარების შემთხვევაში, უფინანსდება სწავლა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ ისინი ასევე სრული დაფინანსებით  აგრძელებენ სწავლას იმავე უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებაში მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას (1+4) განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დაეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების კიდევ უფრო მეტად მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს პროგრამაში მისაღები ადგილებისა და  დაფინანსების გაზრდის მიმართულებით.

 

მინისტრმა სტუმარს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ განხორციელებული პროგრამებიც გააცნო და განსაკუთრებით გამოყო პროექტი „სახელმწიფო ენის ელჩები“, რომელიც ქართული ენის შესწავლის კუთხით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერას ემსახურება. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის სწავლებას უზრუნველყოფენ.

 

თავის მხრივ, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა კაირატ აბდრახმანოვმა უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებულ პროექტებს და მადლობა გადაუხადა პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს გაწეული სამუშაოსთვის.  ეუთოს უმაღლესი კომისრის თქმით, კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდილებას მეზობელი ქვეყნების კოლეგა უწყებებიც გაიზიარებენ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროსი მრჩეველი მარკ ფუმაგალი, პირადი მრჩეველი ჯაზირა კულ-მუჰამედი, ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ნინო გოგოლაძე და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქეთევან ციხელაშვილი.