19-04-2022
გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები.
გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენს მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი.
ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები" - განაცხადა კაციტაძემ.