19-04-2022
ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტისკონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
პროგრამის ფარგლებში დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით მოხდება მონადირეთა სერტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს ბრაკონიერობის შემცირებასა და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონადირეთა სერტიფიცირების სისტემის შექმნას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა.
პროგრამის მიხედვით კრწანისის ტყეპარკის სივრცე იმგვარად მოეწყობა, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს არსებული ეკოსისტემა. კრწანისის ტყეპარკში რეკრეაციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე გათვალისწინებული პირველი საჯარო სივრცე შეიქმნება და „სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი“ დაფუძნდება.
პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შეიმუშავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხოლო დაფინანსებულია შვედეთის საელჩოს მიერ. პროგრამა დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააძლიეროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნებისმდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის ბიუჯეტი 939 000 ევროს შეადგენს.