19-04-2022
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონში ცვლილებათა პროექტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 671,5 ჰექტარით გაიზრდება და გახდება 44980 ჰექტარი. აქედან სახმელეთო ფართობი გაიზრდება - 196,5 ჰექტარით და გახდება 29 229 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475 ჰექტარით და გახდება - 15751 ჰა.
„ეს გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია არის ზუთხისებრთა თევზის სახეობისთვის ბინადრობისა და გადაადგილების არეალი, შესაბამისად ამ ტერიტორიების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მით უფრო როდესაც საუბარია საერთაშორისო კონვენციებით დაცულ სახეობაზე, რომელიც გადაშენების პირასაა", - განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.
დღევანდელ სხდომაზე კომიტეტმა მოისმინა „საქართველოში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის" თემაზე ჩატარებული მოკვლევის ანგარიში და მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საკითხის წარდგენისას განაცხადა, რომ მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, არსებული რეგულაციების და პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის შეფასება.
შესაბამისად თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა და გააანალიზა მიღებული დასაბუთებული მოსაზრებები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა პოზიციები და ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელთა ანალიზის საფუძველზეც შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.
მაია ბითაძემ კოლეგებს გააცნო რეკომენდაციები, მათ შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების რეკომენდებული ვადები. „ამ რეკომენდაციებმა შექმნა ჩარჩო იმისთვის, რომ გადაიდგას ახალი ნაბიჯები ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.
სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის, ბიზნესის და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ ინერტული ნარჩენების მართვის მოკვლევის პროცესში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცებას.