გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი კუთვნილ შენობაში დაბრუნდა

20-04-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი ისტორიულ შენობაში დაბრუნდა. მინისტრი ინსტიტუტს ეწვია და მეცნიერ-თანამშრომლებს კუთვნილ შენობაში დაბრუნება პირადად მიულოცა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა, რომელსაც დიდი ხანია ველოდით –  ჩვენი მათემატიკის ინსტიტუტი დაუბრუნდა თავის მშობლიურ შენობას იქ, სადაც აკადემიკოსმა ნიკო მუსხელიშვილმა დააფუძნა ეს გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 

 

ეს მართლაც განსაკუთრებით გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელმაც საქართველოს სახელი გაუთქვა მსოფლიო მასშტაბით. ამის დასტურია აქ გამოცემული მაღალი რანგის სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა არამხოლოდ თქვენს ინსტიტუტს, არამედ მთლიანად ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას.

 

წინა ხელისუფლების დროს თქვენ გამოგასახლეს კუთვნილი ისტორიული შენობიდან, რაც იყო აბსოლუტურად უკანონო და უსამართლო აქტი. მოხარული ვარ, რომ დღეს სამართლიანობა აღდგა და დაუბრუნდით თქვენს კერას.

გილოცავთ ყველას, მთელი გულით მინდა წარმატებები გისურვოთ. პირადად მე და ჩემი გუნდი მუდამ თქვენს გვერდით ვიდგებით და მხარს დაგიჭერთ ახალი ინიციატივების განხორციელებაში. მჯერა, ღირსეულად გაგრძელდება ამ უნიკალური მათემატიკური სკოლის ტრადიცია, რომლის სათავეებში ჩვენი კორიფეები იდგნენ.“

 

ნდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი1935 წელს ნიკო მუსხელიშვილის და მისი უახლოესი კოლეგების ვიქტორ კუპრაძისა და ილია ვეკუას ინიციატივით დაარსდა, სადაც გასული საუკუნის ორმოციან წლებში ჩამოყალიბდა მსოფლიოში აღიარებული ქართული მათემატიკურისკოლა. დიდი ტრადიციების მქონე ინსტიტუტი დღემდე რჩება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად.

 

ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი აწარმოებს ფუნდამენტურ კვლევებს მათემატიკაში, მექანიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად ინსტიტუტში 9 სამეცნიერო განყოფილებაა: ალგებრის, მათემატიკური ლოგიკის, გეომეტრია-ტოპოლოგიის, მათემატიკური ანალიზის, დიფერენციალური განტოლებების, მათემატიკური ფიზიკის, დრეკადობის მათემატიკური თეორიის, თეორიული ფიზიკის და ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის.

 

ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტს აქვს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებითაც ინსტიტუტი სამეცნიერო ჟურნალების გაცვლას აწარმოებს უცხოეთის 50-მდე სამეცნიერო დაწესებულებასთან.

 

ინსტიტუტის თანამშრომლებს მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აქვთ აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის 30-ზე მეტ სამეცნიერო ცენტრთან, რაც გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებას, სამეცნიერო ვიზიტებს, ერთობლივი კონფერენციების მოწყობასა და ა. შ.