გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო კამპანია გრძელდება

20-04-2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებით რეგიონებში აგრძელებს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობები, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს. პირისპირ შეხვედრებისას სამხედროებმა მოქალაქეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. მათი კითხვები, ძირითადად, თავდაცვის ძალებში მიღების პროცედურებს უკავშირდებოდა.


თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 18-35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ისინი ფსიქოლოგიური ტესტირებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, საწყისი საბრძოლო მომზადების ორთვიან კურსს (BCT) გაივლიან. კურსზე ჩარიცხვის დღიდან რეკრუტები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, სამხედრო ფორმით და მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით. ჯარისკაცებმა მოსახლეობას განუმარტეს, რომ სამსახურში გადანაწილების დროს მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი.


პოტენციურ რეკრუტებს, ასევე დააინტერესდათ ანაზღაურების თემა, რაზეც აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ თავდაცვის უწყება სთავაზობს რიგითის საწყის ხელფასს 1177 ლარს (ხელზე ასაღები 922 ლარიდან), რაც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება 1275 ლარამდე (ხელზე ასაღები 1000 ლარიდან). ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედროები ხელზე აიღებენ ერთჯერად დანამატს - 5 000 ლარს, 2-წლიანი კონტრაქტისას - 3000 ლარს, ხოლო 4-წლიანი კონტრაქტისას - 8 000 ლარს.

გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის საკითხებს.


პირისპირ შეხვედრებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში დასაქმების თემას. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.