21-04-2022
„ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. არსებობის 10 წლის მანძილზე, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
„ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის პარტიის დამფუძნებლებს, 40 ათასზე მეტ წევრსა და 100 ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც ერთგულად დგანან ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე.
„დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა ჩვენი პარტიის - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურად დაფუძნებიდან. ზუსტად 10 წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს, შედგა პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. არსებობის 10 წლის მანძილზე, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
2012 წლიდან დღემდე, „ქართულმა ოცნებამ“ ცხრაჯერ მოიპოვა საზოგადოების ნდობის მანდატი, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით. ამ ნდობის გამართლება ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა და ყოველდღიური საზრუნავია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი პარტიის დამფუძნებლებს, 40 ათასზე მეტ წევრსა და 100 ათასობით მხარდამჭერს, რომლებიც ერთგულად დგანან ქართული სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე.
2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში - ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები; ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული; დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა; შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება სისასტიკეს უპირისპირებდა; დანერგილი იყო ე.წ. ელიტური კორუფციისა და ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა; სასამართლო, პროკურატურა, შსს და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებოდა არა სამართალს, არამედ ავტოკრატიას და მისი მთავარი რეპრესიული ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებდა; არ არსებობდა მედიის თავისუფლება და ყველა წამყვანი მედიასაშუალება არა სიტყვის თავისუფლების, არამედ დიქტატურის სამსახურში იყო ჩაყენებული; ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება; ქვეყანას ჰქონდა სუსტი ეკონომიკა და მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა; არ არსებობდა მოსახლეობის სოციალური დაცვის არავითარი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის რაიმე ქმედითი სისტემა; 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 225 ათასით შემცირდა; ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა, 30 ათასი ადამიანი კი დევნილად აქცია; შეჩერებული იყო საქართველოს წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამ უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა - ნათქვამია განცხადებაში.