22-05-2018
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის, 2 სპეცმანქანა შეემატა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად გადასცა.
მათივე ინფორმაციით, ახალი სპეცმანქანები ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი - რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება, ყველა წერტილში, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.
მანქანების გადაცემის შემდეგ, ავთანდილ თალაკვაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო.
„რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარება გადაუდებელი დახმარების ხარისხისა და ოპერატიულობის გაზრდას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"