გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას უმაღლესი შეფასება მისცეს

27-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს.


საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ღასანხალილმა, რომელსაც უკრაინულ სექტორში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმასპინძლა, ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინელ ბავშვებთან  ვიზიტის ფოტოები გამოაქვეყნა და მინისტრს უკრაინული სექტორის წარმატებით დაფუძნება მიულოცა. 


როგორც ღასანხალილმა მედიისთვის კომენტარში განაცხადა, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა უმოკლეს დროში უზრუნველყო. სწორედ ამ ძალისხმევის დამსახურებაა, რომ დღეს უკრაინელი ბავშვები ზოგად განათლებას იმავე კურიკულუმის მიხედვით იღებენ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.


უკრაინულ სექტორში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა მიხეილ ჩხენკელმა ასევე პირადად გააცნო საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინფურლის. მინისტრისგან მან პირადად მიიღო ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში უკრაინელი ბავშვების ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.


UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობა ტვიტერის ოფიციალური გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა პროცესს: „ახლა უკრაინელ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა. UNHCR ულოცავს სამინისტროს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორის დაფუძნებას.“


უკრაინელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან შეხვედრისას კემლინფურლიმ აღნიშნა, რომ ნამდვილად შთამბეჭდავია ასეთ მცირე დროში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება და უკრაინელი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას  ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.


მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრისას უკრაინულენოვანი სექტორის გახსნის შესახებ ისაუბრა და სტუმარს პირადად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ. თავის მხრივ, კაირატ აბდრახმანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს უკრაინელი ხალხის თანადგომისთვის და მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული შეხვედრისა და უკრაინელი ბავშვებისთვის შეთავაზებულ საგანმანათლებლო გარემოს შესახებ ორგანიზაციის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გამოქვეყნდა.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ზუსტად 2 კვირაში დააფუძნა უკრაინულენოვანი სექტორი, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ამ ეტაპზე უკრაინულენოვან სექტორზე 211 მოზარდი სწავლობს.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჯამში 650-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას.