2-05-2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელ ხიდზე, სასაზღვრო სექტორის "ვახტანგისის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე 1998 წელს დაბადებული უ. ტ. და 1989 წელს დაბადებული ე. მ. დააკავეს.
მათ ბრალად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და შემოტანა ედებათ.
დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შემოიტანეს 10 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.