2-05-2022
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო სასწავლებლები 2022 წლის 2-11 მაისს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს European Maritime Safety Agency (EMSA) აუდიტს გაივლიან, რისთვისაც ბოლო თვეებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობდა.
„ევროკავშირის ხელახალი შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის შემდგომი განვითარებისათვის, რამდენადაც შეფასდება ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, საქართველო წლებია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (𝗜𝗠𝗢) ე.წ. „თეთრ სიაში" ირიცხება, რაც ადასტურებს მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირების და ვახტის გაწევის სისტემის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტორების შეფასება ქართველი მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება: „სწორედ საზღვაო განათლების და სერტიფიცირების მაღალი ხარისხი გვაძლევს შესაძლებლობას მოვამზადოთ მოთხოვნადი პროფესიონალები და ეს ფაქტორი, თავის მხრივ, განაპირობებს როგორც მეზღვაურების, ისე ქვეყნის მაღალ რეპუტაციას საერთაშორისო სივრცეში."
ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირების მისიის გახსნითი შეხვედრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გაიმართა და მას სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE) დირექტორის მოადგილე, ლაშა მარგიშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი, თეა თოდუაც ესწრებოდნენ.
ლაშა მარგიშვილმა საქართველოს განათლების სისტემაზე, უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით: „სააგენტოს წარმომადგენლები, როგორც დარგის ექსპერტები და შესაბამისი საბჭოების წევრები უშუალოდ არიან ჩართულნი საზღვაო სასწავლებლების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესებში".
თავის მისასალმებელ სიტყვაში საზღვაო დარგის პრიორიტეტულობასა და ევროპასთან დაახლოვების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველმა. „დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროცესი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც 2013 წელს, როდესაც ევროკავშირმა ხელახლა აღიარა ქართველი მეზღვაურების სერთიფიკატები და დარწმუნებული ვართ, რომ ქართული საზღვაო სფერო კვლავაც დააკმაყოფილებს მაღალ ევროპულ სტანდარტებს", - აღნიშნა თეა თოდუამ.
პროცესებს, რომლებმაც 2013 წელს დაგვიბრუნა ევროპის ქვეყნების საზღვაო დროშების ქვეშ დასაქმების უფლება და აღადგინა ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარების გაუქმება, რასაც 2006-2010 წლებში, სწორედ ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგები დაედო საფუძვლად. დღეს ქართველ მეზღვაურებს 62 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორის 19 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროშების ქვეშ მსოფლიო ფლოტის 85%-ზე მეტი დაცურავს.