24-05-2018
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთი“-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ „აფხაზეთს“ დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.
რუსთაველის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ანსამბლს იუბილე მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ანსამბლის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო მიხეილ გიორგაძემ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან ღვინჯილიას ხელოვნების ქურუმის ჯილდო გადასცა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ანსამბლის შექმნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. საიუბილეო კონცერტზე ანსამბლი „აფხაზეთი“ მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა.
სხვადასხვა ნომინაციაში საპატიო ჯილდოები გადაეცათ ანსამბლის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ქართული ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანსამბლის ვეტერანი წევრები საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ დარჯანია და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი, ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე სერგო გეგეჭკორი საქართველოს ქორეოგრაფიის „ბრწყინვალების ორდენით“ დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.