2-05-2022
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ტურიზმის სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ინფო-ტური გამართა.
შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულად ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ადგილებს, მარშრუტებსა და ობიექტებს გაეცნენ. ახალ ტურისტულ ლოკაციებს კი ტურ-ოპერატორები შესთავაზებენ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს. ტურის მონაწილეებისთვის კასრისწყალში საცხენოსნო ტური მოეწყო. მიჯნის ყურეში გაიმართა ლაშქრობა, სადაც ტურის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ ნაკრძალში მყოფ ცხოველებსა და ფრინველებს. ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრში საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ტურის მონაწილეებს ნაკრძალში უსაფრთხოების წესები გააცნეს, ასევე ინფორმაცია მიაწოდეს ნაკრძალში არსებული ფლორისა და ფაუნის შესახებ.
ტურ-ოპერატორებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტახის წყალი, შავი მთა, არწივის ხეობა, კაკლის ყურე დაათვალიერეს.
ტურის ფარგლებში სოფელი არხილოსკარი, შირაქის ყოფილი სამხედრო აეროდრომი დაათვალიერეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.