6-11-2017
ჟურნალისტური გამოძიება - რას "აკეთებენ" ადგილობრივი სახელისუფლებო მოხელეების სამსახურეობრივი მანქანები ღამ-ღამობით ბათუმისა და თბილისის ქუჩებში?
ოზურგეთში ხშირია საუბარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მოსახლეობა სულ უფრო მეტს საუბრობს ამა თუ იმ პროექტის მიზანშეწონილობაზე და ადგილობრივ მაღალჩინოსანთა და ხელისუფლების პირველი პირების ტენდერებსა და კონკურსში გამარჯვებულთა ბედის გადაწყვეტაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ტენდერების უმრავლესობა ელექტრონულად მიმდინარეობას, ადგილი აქვს ხელისუფლების ჩარევას პროექტების განმახორციელებელი კომპანიის შეცვლასა და დამტკიცებაში.
მაგალითისათვის იგივე "პირამიდა" კმარა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში, ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები ქალაქ ოზურგეთში (პროექტის ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი), მეხუთე ადგილზე გავიდა, თუმცა ქალაქ ოზურგეთის მერიის მიერ პირველ 4 ადგილზე გასული კომპანიების დევნა-შევიწროების შედეგად, სამუშაოების განხორციელება მაინც "პირამიდამ" დაიწყო.
სწორედ ეს "პირამიდა" ფიგურირებდა ოზურგეთის უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ სკანდალში, როცა სამართალდამცავებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს.
ვრცელდებოდა ხმები, რომ გელა კობალაძე, "პირამიდას" წარმომადგენლებს, რა დროსაც ამ უკანასკნელისათვიSმოულოდნელად მოხდა ქრთამის გადაცემა, ბეგი სიორიძის დავალებით შეხვდა და თავად ქალაქის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარისაგან განსხვავებით, იცოდა, თუ რა მიზანი ჰქონდა აღნიშნულ შეხვედრას.
თავი რომ დავანებოთ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებს, რომლის პრიორიტეტულობასაც ხშირად ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, განსაკუთრებით მწვავე აზრთა სხვადასხვაობაა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლის განხორციელების უკან პირდაპირ ადგილობრივი ხელისუფლება დგას.
ამ პროექტებიდან ბეგლარ სიორიძის მერობის დროს განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა ორმა მათგანმა გამოიწვია, პირველი, ჭავჭავაძისა და გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩებზე გზაგამყოფებისა და ლამპიონების მშენებლობამ, მეორე "9 აპრილის" პარკის შუაზე გაჭრამ და მასზე საავტომობილო გზის გაყვანამ, რასაც რამდენიმე ხე შეეწირა, მათ შორის მალაიზიური დეკორატიული მუხა, რომელიც ძველი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადარგვიდან რამდენიმე თვეში გახმა.
საზოგადოება გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ქალაქისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ისე განხორციელდა, არანაირი ჩართულობა და წინასწარი განხილვები ქალაქ ოზურგეთის მერიას არ მოუწყვია.
ვნებათაღელვამ ჯერ სადისკუსიო კლუბებში, შემდეგ კი სასამართლოში გადაინაცვლა, რადგან სამუშაოებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით "9 აპრილის" პარკთან მიმართებაში ადგილობრივ საზოგადოებას ცალსახად უარყოფითი პოზიცია გააჩნდა.
ხშირი იყო ასევე საუბრები იმაზე, რომ რამდენად უპრიანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება, საბიუჯეტო თანხების დიდი ნაწილის ამ და კულტურული ღონისძიებების (ოზურგეთელობა, ჩაის დღე, ალეგრობა, დვაბზუობა, კონჭკათლობა, შემოქმედლობა, ლიხაურლობა და ასე შემდეგ), მიმართულებით გაშვებაზე, მაშინ როცა ადგილზე მძიმე სოციალური ფონი და ცენტრალური ხელისუფლებიდან სოციალურ დახმარებების მასიური შეწყვეტები მიმდინარეობდა.
ადგილობრივ მოსახლეობაში კი კატასტროფულად მატულობდა შემწეობისა და ლუკმა პურის გარეშე დარჩენილ სიღატაკის ზღვარს მიღმა არსებული ოჯახების რიცხვი.
"გურიის მოამბე" დაინტერესდა, სად მიდის ადგილობრივი საბიუჯეტო თანხები და როგორ და რაზე ნაწილდება ის და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ მძიმე სოციალურ ფონზე, რომელიც ოზურგეთში სუფევს, ათასობით ლარი იხარჯება ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე მყოფი ავტომანქანების არასწორი პარკირების გამო გამოწერილ ჯარიმებში.
მაგალითისათვის ავიღოთ ქალაქ ოზურგეთის ვიცე მერი, კობა დუნდუა-მარტო ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში მის მიერ სახელმწიფო ავტომანქანის, (სახელმწიფო ნომერი) zz805ff რომელიც მას ემსახურება, არასწორი პარკირების გამო ოზურგეთის ბიუჯეტმა 4 500 ლარი უნდა გადაიხადოს, თანაც ეს მაშინ, როცა დუნდუას სამი 10-ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი, მისი ერთი თვის ვადაში გადაუხდელობის გამო სამივე 150-150 ლარზე ავიდა, ხოლო კვლავ გადაუხდელობის გამო თითოეულმა სავარაუდოდ 1 500 ლარს მიაღწია და საქმე ისე მიდის იმ სახელმწიფო მანქანას, რომელიც ბატონ დუნდუას ემსახურება, მალე ვალებში ან ბათუმის ანდა თბილისის "სითი პარკი" წაიყვანს.
მძიმე მდგომარეობაა ასევე ქალაქის მერის კუთვნილ ავტომანქანსთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ პარკირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციები, გარდა იმისა, რომ აჯარიმებენ დამრღვევ ავტომანქანებს, ასევე ახდენენ ფოტოგრაფირებას და სურათებთან ერთად საჯარიმო ქვითარსაც საკუთარ ვებ გვერდზე ტვირთავენ.
აქედან გამომდინარე, ბეგლარ სიორიძის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით fcf 919) სად არ ნახავთ (გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით), იქნება ეს თბილისის ღამის ბარები, თუ ბათუმის არაოფიციალური ბორდელების წინ.
ფოტომასალა, რომელსაც გთავაზობთ ამ სტატიის ქვემოთ, იმდენად ნათლად ახდენს მნახველის ინფორმირებას, ჩვენ თავს არ შეგაწყენთ იმის წერით, თუ სად, როდის და რატომ დაჯარიმდა ესა თუ ის თანამდებობის პირი თბილისსა თუ ბათუმში.
რა თქმა უნდა ყოველი მათგანის პრეს სამსახური კატეგორიულად გაემიჯნებიან ამ ფაქტს და გააკეთებენ განცხადებას, რომ პარკირებას, რისი მტკიცებულებაც წარმოდგენილი ფოტომასალით ხდება - არა თანამდებობის პირები, არამედ მძღოლები ახდენენ, თუმცა, როგორც წყაროები გვატყობინებენ, არც დუნდუა დადის ღამის ბარებში მძღოლთან ერთად და არც სიორიძე ბორდელებში წყვილ - წყვილად.
წყარო: