გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ნადარეიშვილი: მისასალმებელია თბილისში CzechTrade-ის წარმომადგენლობის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას

3-05-2022

„საქართველო და ჩეხეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში და ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ჩვენი ქვეყნები არ იშურებენ ძალისხმევას, რომ ვაჭრობის, რეგიონალური თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით მოხდეს ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ჩეხეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.


მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ქვეყნებს შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე, რომელიც, 2021 წლის მონაცემების თანახმად, 31 პროცენტით გაიზარდა და 109,5 მლნ ლარი შეადგინა. მისი თქმით, ჯერ კიდევ დიდია აუთვისებელი პოტენციალი, რომლის ათვისებაც შეიძლება ეფექტურად მოხდეს ორივე მხრიდან.


ირაკლი ნადარეიშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე. მისი თქმით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს დაფიქსირდა რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 10,4 პროცენტიანი ზრდა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენის სწრაფ ტემპს უსვამს ხაზს. „განსაკუთრებით პოზიტიური მონაცემები გვაქვს ტურიზმის მიმართულებით. 2022 წლის იანვარ-მარტში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 393,7 მლნ. აშშ დოლარია. პროგრესია ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, რომელმაც, 2021 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა. ამჟამინდელი ეკონომიკური ტენდენციების გაუმჯობესებას ცხადყოფს 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რაც 43%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ქართულ ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ევროპულ ბაზარზე შესვლის მიზნით სხვადასხვა მექანიზმით უწყობს ხელს, მათ შორის, ერთ-ერთ ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს: tradewithgeorgia.com, რომელიც ერთგვარი საექსპორტო კატალოგია ონლაინ ფორმატში და შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს ქართული პროდუქციით დაინტერესებული ჩეხური კომპანიებისთვის.


ირაკლი ნადარეიშვილი მიესალმა თბილისში CzechTrade-ის წარმომადგენლობის გახსნას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია მომავალში მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით.


მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით ისაუბრა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალ სახელმწიფო პროგრამაზე - FDI Grant, რომელიც შეღავათებს სთავაზობს საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს. მისი თქმით, პრიორიტეტულ სექტორებში განხორცილებული მნიშვნელოვანი ინვესტიციის შემთხვევაში (10 მლნ. ლარი და მეტი), კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა 300,000 აშშ დოლარზე მეტი თანხა დაიბრუნონ უკან ე.წ. „ქეშბექის" პრინციპით. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეს წარმოადგენს დამატებით შეღავათს იმ ყველა სხვა უპირატესობაზე, რომელსაც დღეს ქვეყანა თავაზობს ინვესტორებს. „პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ჯანსაღმა საინვესტიციო გარემომ უზრუნველყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა. კონკრეტულად, 2020 წელთან (572 მლნ. აშშ დოლარი) შედარებით 2021 წელს (1,153 მლნ. აშშ დოლარი) ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი გაორმაგდა. ნიშანდობლივია, რომ 2022 წელს აღნიშნული პოზიტიური დინამიკა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით, შენარჩუნდა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


საქართველო - ჩეხეთის ბიზნესფორუმში 200 - მდე ქართული და ჩეხური კომპანია მონაწილეობს. მათ შორისაა 20 - ზე მეტი ბიზნესმენი ჩეხეთიდან, რომლებიც წარმოადგენენ მშენებლობისა და დეველოპმენტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიების, სივრცითი დაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემებისა და სხვა სექტორებს.