26-05-2018
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში იმყოფება. მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედნიდან მიულოცა, მანამდე კი უწყების მიერ ქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებას გაეცნო და მათ მონაწილეებთან ფოტოებიც გადაიღო.
გახარიამ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ზუგდიდან დამოუკიდებლობის დღის მილოცვა პატივია, რადგან აქვე მდებარეობს აფხაზეთი, რომელიც, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.
„შსს-ს ერგო პატივი, ეს დღე საქართველოს მიულოცოს სამეგრელოდან და ზუგდიდიდან, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქვე არის ჩვენიგულის ტკივილი აფხაზეთი, რომელიც დღეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი ამოცანა და გამოწვევა. ამ სადღესასწაულო დღეს მე სწორედ აქედან სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის ასი წლისთავი", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, შს მინისტრმა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ საქართველო შესაძლებლობების ქვეყნად უნდა იქცეს.
"მინდა გითხრათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო გამორჩეული მოვლენა ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს იყო პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა, ისეთი დემოკრატიული ხარისხისა და ფასეულობების ინსტიტუცია, რომელზეც ბევრი მაშინდელ ევროპაში ოცნებობდა. ვალდებულები ვართ, ის მაღალი სტანდარტი გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ, რაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. სწორედ ესაა ჩვენი ფუნქცია და გამოწვევა, როგორც უნდა ვიცხოვროთ ხვალინდელ დღეს . ეს არის ყველაზე დიდი ვალდებულება, სრულად გააზრებით პასუხიმგებლობით ვიყოთ ორიენტირებულები ხვალინდელ დღეზე, ყველამ შრომით და თავდადებით განვავითაროთ ეს ქვეყანა, რომ საქართველო გახდეს არა გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
ის ამ წუთებში დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებებს ეცნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მართავს.
რადიო "ათინათი"