გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

17-05-2022

ტურიზმის სფეროში  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


„თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობა. ჩვენ განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გავაკეთეთ და კონკურსის შედეგად დავამარცხეთ ბევრი ისეთი ქვეყანა, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. საქართველო იქნება მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს, როდესაც პანდემიის შემდეგ ბერლინში გამოფენა პირველად ჩატარდება რეალურ ფორმატში. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა უფრო მეტად შედეგიანი იქნება საქართველოს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

2023 წელს საქართველოს  ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა  უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის. 


მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის  200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და  გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს. 


მასპინძელი სტატუსის მინიჭებით საქართველო საერთაშორისო მედია კამპანიებში იქნება ჩართული,  რაც ონლაინ,  სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს. 


„საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც  აღმოუჩენელია მისი იდუმალი სამყარო.  სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო და ვფიქრობ მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე  საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც განთავსდება მსოფლიო სცენაზე, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ავიარეისები. დარწმუნებული ვარ ტურისტული ნაკადების დიდი ზრდა“,-აცხადებს  ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი დევიდ რუეთზი.


 სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.


„ძალიან მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოფენა ITB Berlin და საქართველო შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. მე აქ მყოფ ITB Berlin-ის, კომპანიების წარმომადგენლებს, გერმანელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ბერლინის გამოფენამ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარტნიორ ქვეყნად დასახელებით, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებს უნიკალურ, მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს. მე ველოდები ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს საქართველოში“,-აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.


ITB Berlin წარმომადგენლებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებს  საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის  ფარგლებში,  გერმანული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის სექტორის წევრებს შეხვდებიან.


 ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში მართავს B2B ფორმატის ღონისძიებას. გერმანიის ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატშიც.


ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნების კოორდინატორი რიკა ჟან-ფრანსუა.


„ეს შესაძლებლობას გვაძლევს არამხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით პოზიციონირება გავაკეთოთ ჩვენი კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის, ეს  გაზრდის ტურისტულ ნაკადს და რაც მთავარია შემოსავლებს ტურიზმიდან, ასევე კიდევ უფრო დააჩქარებს ტურიზმის აღდგენის დინამიკას და არამხოლოდ გაუთანაბრდება 2019 წლის მაჩვენებელს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან საინტერესოა, რომ პირველად ITB Berlin-ის გამოფენას აქვს გასვლითი ღონისძიება. ჩვენ გერმანიიდან ჩამოყვანილი გვყავს ტურ-ოპერატორები, რომლებსაც B2B ფორმატში შეხვედრები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ  წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს გაეცნონ ერთმანეთს და პოტენციური პარტნიორები შეიძინონ. ეს დაგვეხმარება კიდევ  უფრო მომზადებული ვიყოთ გამოფენისთვის და წარდგენილები ძალიან ღირსეულად“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.


საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გასაცნობად, გამოფენის ორგანიზატორებთან ერთად გერმანული ტურისტული კომპანიებისა და  მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლსა და კახეთს ეწვივნენ.  


ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.