28-05-2018
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური და გარყვნილი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც იმედინიუსს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. 60 წლის კაცმა 12, 13 და 14 წლის ბავშვებზე სექსუალურად იძალადა.
138-ე მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც „ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით“. 141-ე მუხლი კი 14 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.