27-11-2017
"კრემლმა მოგვიწყო ტესტი - რამდენად მზად ვართ ყვავილებით მივეგებოთ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც შემოვლენ ჩვენს დასამონებლად და გასანადგურებლად. შედეგებმა, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახარა პუტინიც და მთელი მისი „კამანდა.“ ქალთან, რომელიც ქუჩაში იდგა და ფეხებთან წარწერა ედგა - „მე რუსეთიდან ვარ. გადავეხვიოთ ერთმანეთს“ - წყება-წყებად მიდიოდნენ ახალგაზრდები და გულში ეხუტებოდნენ.
აი, რა შესანიშნავად უმუშავია რუსეთის პროპაგანდას! რა შესანიშნავად შეუსრულებია კრემლის დავალება ბორია აფერისტს და მის ბანდას! ზოგჯერ მგონია, რომ ყველა საინფორმაციო არხით პრორუსული დიფირამბების გარდა რაღაც საწამლავი გაუშვეს ჰაერში, რომ ასეთი სასწაულებრივი დაჩლუნგება გამოიწვია ხალხში. მათზე არ მოქმედებს რუსი ოკუპანტების მიერ ყოველდღე გადმოწეული საზღვარი. არ მოქმედებს ის, რომ ამ ახალგადმოწეული საზღვერების იქეთ რუსი ვანკები და ვასკები ქართველი გლეხის მიერ მოყვანილ ყურძენს ნთქავენ და მათი დანგრეული სახლების ფონზე სურათს იღებენ. არ მოქმედებს 340 ათასი დევნილი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან. არ მოქმედებს მათ მიერ წართმეულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიების რუსულ ყაიდაზე გადაკეთება, ქართული სიძველეების განადგურება, ან გაყალბება, ვითომ ეს სხვების მიერ არის შექმნილი.
მათ, რასაკვირველია, დაივიწყეს, ან არც არასოდეს სცოდნიათ 1989 წელს რუსი ჯარისკაცების მიერ ნიჩბებით დაჩეხილი 22 ახალგაზრდა. 1956 წლის მარტის ამბებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს მათ წარმოდგენაში წინარეისტორიული ხანაა, როცა დედამიწაზე ჯერ ისევ დინოზავრები დადიოდნენ. მათ არც კი გაგუგონიათ, რომ რუსი იდეოლოგები გაიძახიან რომ ქართველები უნდა გაიჟლიტონ, უნდა აიყარონ მათი ადგილებიდან, უნდა გადასახლებული იქნან რუსეთის სხვადასხვა რაიონებში. საქართველო უნდა გახდეს სატრანზიტო ტერიტორია რუსეთის სამხედრო ჯარების და ტქნიკის გადასაყვანად იქ, სადაც რუსეთს სჭირდება. არა და ეს ინფორმაცია არაერთხელ დადებულა ფეისბუკზე და ზოგჯერ გახმაურებულა ერთადერთი არხის, რუსთავი2-ის მიერ. ყველა სხვა მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის ლანძღვით არის დაკავებული, რადგან თვითონ არაფერი გაუკეთებიათ. ხალხი კი ამ ლანძღვას კამფეტივით წუწნის და ხარობს, რა კარგია, რომ ქოცებმა გაიმარჯვესო.
აი, ეს და კიდევ ბევრი სხვა უბედურება არის ამ ხუთი წლის შედეგი, რასაც შეუძლია სრულიად მოსპოს და აღგავოს პირისაგან მიწისა ჩვენი ქვეყანა. ამ დროს კი ისინი, ვინც ეს ახალგაზრდობა უნდა აღზარდოს, ასწავლოს, გაანათლოს მადლობით ღებულობს მათთვის გადაგდებულ სამათხოვრო ლუკმას ბანდიტებისა და აფერისტებისგან, ქურდებისგან, მკველელბისგან, ხარბი ჩარჩებისგან. არავინ იღებს ხმას, არავინ არის აღშფოთებული, ხოლო თუ არის, ფეისბუკზე კაკუნით და ნწ-ნწ-ს ძახილით იქარვებს დარდს.
იმ პოსტებზე, რომლებიც ამ უბედურებაზე მიუთითებენ, რამდენიმე „ლაიკს“ გააკეთებს, რამდენიმე აუჰ, აუჰ, ეს რა დაგვემართაო დაწერს და ამით მთავრდება ყველაფერი.
საღათას ძილშია საქართველო და მისი მოსახლეობა-წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.
წყარო: "გურიის მოამბე"