გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სომხური პრესა: როგორ გადაეცა ჯავახეთი საქართველოს; „ბაკურიანის უღელტეხილზე ყოველი ხის ძირას ორი სომეხია დასაფლავებული“

30-05-2018

„ერევნის რაიონებს და კვარტლებს დასავლეთ სომხეთის ოლქების სახელწოდებები აქვთ - სებასტია, მალათია, კილიკია... ანუ ის ადგილები, სადაც თურქებმა სომხებს გენოციდი მოუწყეს. არის კვარტალი ნუხა-არეშიც, რომელიც დასავლეთ სომხეთს არ მიეკუთვნება, ის მდინარე მტკვრის შუა წელში არსებულ დასახლებული პუნქტის სახელს ატარებს, რომლის მოსახლეობა ამიერკავკასიელმა თურქებმა ქართველების აქტიური დახმარებით 1918 წელს ამოწყვიტეს“, - ნათქვამია სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც ასი წლის წინანდელი მოვლენების სომხური ხედვაა გადმოცემული, განსაკუთრებით კი სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხში. 

შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკაციაში ავტორის მიერ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ბევრი უზუსტობაა დაშვებული. 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტს რაზდან მადოიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:

„სომხურ ისტორიოგრაფიაში ფართოდაა შესწავლილი სომხურ-თურქული დავა ტერიტორიების გამო, მაგრამ იმდროინდელი სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის არეალი მხოლოდ თურქეთის მიმართულებით არ შემოიფარგლებოდა - ჩრდილოეთით იყო სომხური ჯავახკი და ლორი, უფრო იქით - მტკვრის მარჯვენა სანაპირო... ეს ტერიტორიები მთლიანად სომხებით იყო დასახლებული. თურქეთის ჯარები სომხეთში რამდენიმე მიმართულებიდან შემოიჭრნენ: ნახჭევანში, არარატის ვაკეზე, შირაკსა და ჯავახკში. ყურადღება მივაქციოთ: ჯავახკის სომხეთისადმი კუთვნილება მაშინ არავისთვის სადაო არ იყო. გენერალი მ.სილიკიანი სარდაპარატაის ბრძოლის წინ სომხეთის ჯარების მიმართვაში ხაზს უსვამდა, რომ „თურქები ჩვენგან ახალქალაქს ითხოვენო“. მართლაცდა, რატომ მოითხოვდა თურქეთი სომხეთისაგან ჯავახკს - „საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალს“, როგორც მას ჩვენი ქართველი მეგობრები უწოდებენ? მაგრამ თურქებმა კარგად იცოდნენ რეალობა და ჯავახკი სწორედ სომხებისაგან მოითხოვეს. მათ მიზნად ჰქონდათ ბორჩალოში გასვლა და იქაურ თურქებთან გაერთიანება, ანუ სომხეთს მთლიანად თურქულ ალყაში მოაქცევდნენ და როგორც მათ სჩვევიათ, სამადლოდ 10-15 ათას კვ.კმ-ის მქონე ადგილს დაგვიტოვებდნენ, ეჩმიაძინთან ერთად, საკუთარი ბედის დასატირად.

ჯავახკში თურქები უკვე 1917 წლის ბოლოს შევიდნენ, ქართველების ჩუმი თანხმობით, რომლებიც ასევე ნატრობდნენ ამ რეგიონის სომხების გარეშე არსებობას. ბრძოლები 1918 წლის მაისი ბოლომდე გრძელდებოდა. ახალციხის ქალაქის თავმა ზ.ზორიანმა მოახერხა თავდაცვის ორგანიზება და თურქების ყველა მცდელობა (სხვათა შორის, შემოსეულ თურქებს ადგილობრივი თურქი-მესხებიც ეხმარებოდნენ) წარუმატებელი გამოდგა. მტრებს ებრძოდნენ სოფლების მოსახლეობაც, რომელთა მართლაც გმირულმა წინააღმდეგობამ სხვებს საშუალება მისცა უღელტეხილით საქართველოში წასულიყვნენ, სადაც ისინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საკონცენტრაციო ბანაკებში შერეკა... ისინი მშობლიურ ადგილებში მხოლოდ განახევრებულნი დაბრუნდნენ. დღესაც ხშირად გაიგონებთ: „ბაკურიანის უღელტეხილზე ყოველი ხის ძირას ორი სომეხია დასაფლავებულიო“.

მეორედ თურქები ჯავახკში უკვე ქემალისტების სახით, 1920 წელს გამოჩნდნენ, თუმცა სომხეთის გასაბჭოების შემდეგ მათ უკან დაიხიეს. როცა სომეხი მესაზღვრეები ტერიტორიის დასაცავად სოფელ ტროიცკოესთან მივიდნენ, მათ იქ ქართველები დახვდნენ და განუცხადეს, რომ ჯავახკი მათი ისტორიული მიწა-წყალია. ბოლშევიკურ სომხეთს სუვერენული პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ყველაფერს მოსკოვი წყვეტდა. ჰოდა, მოსკოვის ნებით, ჯავახკი საქართველოს გადაეცა, მისი გასაბჭოების შემდეგ.

ბოლშევიკებისთვის სომხების პროტესტს მნიშვნელობა არ ჰქონდა. იოსებ სტალინი ქართველი იყო, თურქები კი მაშინაც (ისევე როგორც ახლა) რუსების მეგობრები იყვნენ. რუსები მათ ფულს და პურს უგზავნიდნენ, თვითონ კი შიმშილით იხოცებოდნენ.

ჯავახკი ქართველებს იეზუიტური ფორმულირებით გადაეცა: „ეკონომიკური მიზანშეწონილების გამო“. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი საქართველოს მთავრობისადმი მოხსენებაში 1926 წელს ამტკიცებდა, რომ „ჯავახკი თუ სომხეთს მიუერთდებოდა, ამით საქართველო და ქართველი ხალხი მეცხოველეობის რეგიონს დაკარგავდა, მეცხვარეობა კი არსებობას შეწყვეტდა“.

თურქები სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ: მათი გეგმა სრულდებოდა. ჯავახკი ვერ დაიბრუნეს, მაგრამ არც სომხებს არ დარჩათ, ის ქართველებმა მიიღეს, ანუ თურქებს მასზე გავლა შეეძლოთ, რაც გააკეთეს კიდეც და ნუხი-არეშას სომხები ამოწყვიტეს. ჩრდილოეთის დერეფანი ბოლშევიკების მიერ შექმნილ აზერბაიჯანთან დასაკავშირებლად უკვე მზად იყო. მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლება, როგორც ჩანს, მიხვდა თავის მიერ დაშვებულ შეცდომას და ჯავახკიდან თურქი-მესხები გადაასახლა, სამწუხაროდ, მათ ამშენი სომხებიც მიაყოლა. იმ დღიდან ჯავახკი რეჟიმულ ზონად გამოცხადდა, სადაც მოსკოვს ორი დივიზია ჰყავდა დისლოცირებული და შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლებოდა.

შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდნენ. ქართველები, თავიანთი ეროვნული ტრადიციის შესაბამისად, თურქებს დაუმეგობრდნენ („საქართველოს მზე იმ დროიდან ჩრდილოეთიდან კი არა, დასავლეთიდან ამოდის“). რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, რომელსაც რუსმა ხალხმა ზუსტი მეტსახელი „ЕБН“ დაარქვა (ეს ის არ არის, რაც ახლა გაიფიქრეთ!), სიმთვრალის დროს ახალქალაქიდან რუსული ბაზის გაყვანაზე დათანხმდა. მან თავის პარტაიგენოსე ჰეიდარ ალიევსაც კოჭი გაუგორა და სომხეთის ჯარებს მდინარე მტკვარზე გასვლის საშუალება არ მისცა. საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანი ნავთობ-გაზის მფლობელი გახდა (ბაქოს საკუთარი თავი მოსკოვის ტოლად მიაჩნია!), საქართველო ტრანზიტულ ქვეყნად იქცა აზერბაიჯანული ნახშირწყალბადებისათვის, ჯავახკზე გაიარა თურქეთისა და აზერბაიჯანის შემაერთებელმა რკინიგზამაც... დღეს ანკარა და მოსკოვი ერთმანეთს ეკურკურებიან, ზოგჯერ ღალატობენ კიდეც და პერიოდულად ვენეროლოგთან დადიან...“.

newspress