გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, გააქტიურდებიან თუ არა სირიელი ქურთები

30-05-2018

საქართველოს ისტორიული რეგიონების- აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, გამორიცხული არაა, ხელსაყრელი ფაქტორი აღმოჩნდეს სირიაში მცხოვრები ქურთებისათვის და მათ დაიწყონ ბრძოლა სირიის ტერიტორიაზე დამოუკიდებლობისათვის.

გავიხსენოთ ერაყის ქურთისტანის ირგვლივ განვითარებული პროცესები


გამოიწვევს თუ არა აღნიშნული რეგიონების აღიარება სირიაში ქურთების გააქტიურებას? ამ თემაზე ექსპერტთა მოსაზრებები განსხვავებულია.


კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით, სირიის ხელისუფლებამ სერიოზული დისკომფორტი შეიქმნა.


არეშიძე ფიქრობს, რომ სირიაში მცხოვრები ქურთები ამ ფაქტორს თავიანთ სასარგებლოდ აუცილებლად გამოიყენებენ.


„რასაკვირველია, ეს მათთვის საინტერესო პრეცედენტია და აუცილებლად შეეცდებიან ამ ფაქტორის გამოყენებას. თუ არის აღიარებული სხვა არაღიარებული ქვეყანა, თუ სირიის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გადადგა, მაშინ რატომ არ შეიძლება ანალოგიური ნაბიჯი გადაიდგას ქურთების მიმართ?! პრაქტიკულად, სირიის ხელისუფლებამ შეიქმნა სერიოზული დისკომფორტი, რომ იტყვიან „გაიჩალიჩა“,-განუცხადა „პირველს“ მამუკა არეშიძემ.


აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო, სირიაში მცხოვრები ქურთების გააქტიურებას არ ელოდება ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი. მისი თქმით, სირიის ტერიტორიაზე ქურთები დიდი ხნის განმავლობაში იბრძვიან, თუმცა მათ დამოუკიდებლობის საკითხი ოფიციალურად არასოდეს დაუყენებიათ:


„სირიის ტერიტორიაზე ქურთები კი იბრძვიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მათ ღიად არსად დაუფიქსირებიათ დამოუკიდებლობის, ან სეპარატიზაციის საკითხი. მეორე თემაა, რომ ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის და მათ შორის კულტურული ავტონომიისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება. არამგონია, დიდი ცვლილებები გამოიწვიოს ამ ფაქტმა.


ახლო აღმოსავლეთში ქურთების ბრძოლა, ზოგადად, როგორც აღვნიშნე, დიდი ხანია გრძელდება და იგივე სირიაში, მათ დიდი ხნის განმავლობაში არავითარი უფლებები არ ჰქონდათ, მათ შორის პირადობის მოწმობებსაც კი ვერ იღებდნენ. ქურთების არსებობას არ აღიარებდა ასადის რეჟიმი“,-აღნიშნა „პირველთან“ ზურაბ ბატიაშვილმა.


კიდევ ერთი ექსპერტი გიორგი რუხაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოს ისტორიული რეგიონების აღიარების საკითხი ქურთებთან კავშირში საერთოდ არ არის:


„ქურთები ისედაც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, ეს ახალი არ არის და არანაირი კავშირი არ აქვს ამ აღიარებასთან, რომელიც დღეს შევიტყვეთ. ასე რომ, მე კავშირს ქურთების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან და ასადის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებასთან, ვერ ვხედავ“,-განუცხადა „პირველს“ გიორგი რუხაძემ.


აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება უბიძგებს თუ არა სირიაში მცხოვრებ ქურთებს სეპარატიზმისაკენ, ამას, დრო აჩვენებს.


რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, ექსპერტები თანხმდებიან, რომ სირიის ეს გადაწყვეტილება რუსეთის გავლენებს უკავშირდება. ბოლო წლებში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, მათთვის სირიის ხელისუფლების ნაბიჯი მოულოდნელი არც ყოფილა.


თუმცა, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან სირიაზე ყურადღება მოდუნებული იყო:


„რაც მოხდა, ეს ძალიან ცუდია და მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ ყურადღება საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, სირიაზე იყო მოდუნებული იმიტომ, რომ არაერთ ექსპერტს უსაუბრია, მათ შორის მეც თავის დროზე, რომ ასეთი საფრთხე შეიძლება არსებობდეს და მუდმივი კონტროლისა და მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს საგარეოს მხრიდან“,-განაცხადა გიორგი რუხაძემ.


ექსპერტ მამუკა არეშიძეს მომხდარში ხელისუფლების დადანაშაულება სწორად არ მიაჩნია, ვინაიდან სირიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან სპეციფიურია:


„ხელისუფლებამ, არაღიარების პოლიტიკა რომ უნდა გააქტიუროს, ეს ფაქტია, კიბატონო, უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, ამის თქმა ყოველთვის მარტივია, მაგრამ სირიის ხელისუფლებასთან დაკავშირებით ძალიან სპეფიციური მდგომარეობაა და ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების გამტყუნება ჩემთვის... კი გავამტყუნოთ თუ გინდათ, მაგრამ იქ სხვა გარემოებები მუშაობს. სირიის ხელისუფლება, ასადის მთავრობა, არის უაღრესად ვალდებული რუსეთის. ისინი რომ ისევ თავის სასახლეში სხედან დამასკოში, ეს არის რუსეთის ხელისუფლების და ირანის ხელისუფლების დამსახურება. სირიის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა რომ არა ამ ნაბიჯზე წასვლა. კიარ ვამართლებ სირიის ხელისუფლებას, პირიქით, ვამბობ, რომ აბსოლუტურად უგუნური და არაპროდუქტიული ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ რეალობა ასეთი იყო, რომ დღეს სირიის ხელისუფლება მთლიანადაა ფინანსურად და პოლიტიკურად დამოკიდებული რუსეთზე და აქედან გამომდინარე მოხდა ეს ამბავი“,-ამბობს მამუკა არეშიძე.


უკავშირდება თუ არა სირიის გადაწყვეტილება დაგეგმილ ნატო-ს სამიტს?


ექსპერტები ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ ელოდებიან და შესაბამისად, სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილების სამიტთან დაკავშირება უჭირთ:


„ამის სიგნალები იყო, არაერთხელ შედგა კონტაქტი,იყო მინიშნებები, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. სირია არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ძალიან მაღალია რუსეთის გავლენა და ეს გავლენა ყოველ დღე იზრდება გამომდინარე იქედან, რომ ასადის რეჟიმი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის სამხედრო დახმარებაზე. როგორც ვიცი, ასე პირდაპირ არ დგას ამ სამიტზე საქართველოს გაწევრიანების საკითხი,არც მაპ-ის მიღებას ველოდები ამ სამიტზე, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, სამიტთან იყოს დაკავშირებული",-აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა.


ექსპერტი გიორგი რუხაძეც ფიქრობს, რომ ნატო-ს წლევანდელი სამიტი სხვა წლებისგან გამორჩეული არაფრით იქნება და აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილება სამიტთან ბმაში იყოს:


„გამოვიარეთ ბევრი სამიტი, ისეთი სამიტები, სადაც უფრო ახლოს ვიყავით რაღაცებთან და ისეთი სამიტები, სადაც უფრო შორს ვიყავით.ეს სამიტი, ჩემი აზრით, არაფრით იქნება გამორჩეული. კონკრეტულ შედეგებს ჩვენ აქედან არ ველით.


ეს არის რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, საქართველო რას გააკეთებს. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ეს შენელდეს, თუ საქართველო რუსეთის მოთხოვნებს დეამორჩილება. თუ არ გვინდა სახელმწიფო, მაშინ ისედაც რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდება. ასე რომ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ კავშირს ვერც ქურთების მოძრაობასთან და ვერც ნატო-ს სამიტთან“,-განაცხადა გიორგი რუხაძემ „პირველთან“.


მამუკა არეშიძე თვლის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება იყო ოფიციალური დამასკოს საპასუხო ქმედება რამდენიმე დღის წინ, სირიაში ოპერაციისას რუსი სამხედროების დაღუპვაზე:


„რამოდენიმე დღის წინ, 100-მდე რუსი სამხედრო პირი დაზიანდა, მათ შორის 5 დაიღუპა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს და, როგორც ჩანს, ეს იყო ამის საპასუხო ქმედება ოფიციალური დამასკოს მხრიდან“,-აცხადებს მამუკა არეშიძე.


მისივე თქმით,სირიის მიერ საქართველოს ისტორიული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობამგამოავლინა ფაქტი, რომ აღიარების მიმართულებით რუსეთის მუშაობის ტენდენცია გრძელდება:


„მოვლენამ გამოაშკარავა ერთი ცუდი ფაქტი, რომ ტენდენცია გრძელდება.რამოდენიმე წლის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათთვის არ აქვს მნიშვნელობა ამ ორი რეგიონის ამღიარებელი ქვენების რაოდენობას, მათთვის მნიშვნელობა ჰქონდა თვითონ აღიარების ფაქტს.როგროც ჩანს, რუსეთი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ტენდენცია გრძელდება და ამ ტენდენციასთან არის ბრძოლა საჭირო. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ აღიარების ტენდენციის საწინააღმდეგოდ მუშაობა უნდა გააქტიურდეს“,-აღნიშნა მამუკა არეშიძემ „პირველთან“.


ცხინვალის მტკიცებით, სირიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა


ჯანელიძის თქმით, სირიის მიერ სოხუმისა და ცხინვალის აღიარება რუსეთის მანიპულირების შედეგია


საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

pia