30-05-2018
პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღის და საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გახსნა.
ღონისძიებას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი პირები, ლიეტუვის, უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე, საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილე და ახალი შენობის გახსნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გახსნაზე, ასევე არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს პრეზენტაცია გაიმართა და აღნიშნული გარემოს მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელს აშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული.
ახალი, ოთხსართულიანი შენობა, რომელიც საქართველოს პროკურატურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სპეციალურად 100 წლის იუბილისთვის გამოცემული ჟურნალი გადაეცათ, რომელშიც რეფორმის შემდგომ, 2016-2017წლებში საქართველოს პროკურატურის მიღწევები, გამოწვევები და წარმატებებია ასახული.