გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

IRI: ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად სამცხე-ჯავახეთი და აჭარა დასახელდა

30-05-2018

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევების თანახმად, მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ. 

„არც ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად. თუმცა, უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა“ - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა. 

ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა შეადგენს 50 პროცენტს, როდესაც 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88 პროცენტი იყო. ამავე პერიოდის შედარებითი ანალიზით, საზოგადოების ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45 პროცენტით), პარლამენტის (შემცირდა 47 პროცენტით), პროკურატურისა (შემცირდა 24 პროცენტით) და სასამართლოს (შემცირდა 30 პროცენტით) მიმართ. ამის საპირწონედ, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ ნდობა, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით 27 პროცენტიდან, დღეს უკვე 43 პროცენტამდე გაიზარდა. ორი რეგიონი, სადაც მათ მიმართ ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, სამცხე-ჯავახეთი (60 პროცენტი) და აჭარა (59 პროცენტი), ასევე დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად. „ადგილობრივი ხელისუფლების შეფასების გაუმჯობესებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ მათი მოქალაქეებთან ურთიერთობისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგიანია“, ამბობს ნიქსი. „განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს მაჩვენებელი გამოკვეთილია ისეთ რეგიონებში, სადაც ვხვდებით უმცირესობების ფართო დასახლებებს, რომელთა მარგინალიზაციაც წარსულში ხდებოდა.“ კვლევა, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პრო-დასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული (27 პროცენტი) ან პრო-დასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან ურთიერობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)“. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია - 76 პროცენტი, იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19 პროცენტით შემცირდა. მეთოდოლოგია კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.